Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერების” ჩვენება გაიმართა


სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების", ჩვენება
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების", ჩვენება

ChaiKhana-ს და KineDok Georgia-ს ორგანიზებით, „ფრონტლაინ ჯორჯიაში” და რესტორან „ეზოში” სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების”, ჩვენება გაიმართა. საჯარო ჩვენებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ფილმს სამარცხვინო და ირონიული უწოდა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ ეს კომენტარი კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრის რეორგანიზაციის გამო დაწყებული პროტესტის ფონზე გააკეთა. მისივე თქმით, „საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული".

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების", ჩვენება
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების", ჩვენება

„მოთვინიერება“ კინოცენტრის თანადაფინანსებით გადაიღეს და მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. კინოცენტრის გარდა, ფილმი დაფინანსებულია შვეიცარიული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, ევრიმაჟის, Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების", ჩვენება
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების", ჩვენება

სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული.

ამ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს. როგორც კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაგა ჩხაიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში უთხრა რადიო თავისუფლებას, თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური პარკი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში გადაღებული ფილმების შინაარსი წინა ხელისუფლების დროს კონტროლდებოდა და ახლა - აღარ. ამ საკითხზე მან ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები უკავშირდებოდა თუ არა ფილმ "მოთვინიერებას", რომელიც აღწერს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესს.

ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ ფილმების შინაარსი აღარ კონტროლდება, მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ მსგავსი "სამარცხვინო შინაარსის" ფილმი არ უნდა დაფინანსდეს.

"თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინოა, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა. ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს... ამ ფაქტზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა... მაინცდამაინც სამარცხვინო ფილმი უნდა დააფინანსოს?!" - თქვა კობახიძემ.

ამ განცხადებას წინ უძღვის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაცია. კულტურის სამინისტრომ გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, მას შემდეგ, რაც თანამშრომლების ნაწილმა კრიტიკული ფეისბუკპოსტები გამოაქვეყნა. კინოცენტრის ვებსაიტზე მცირე ხნით გამოქვეყნებული იყო განცხადებაც, რომელშიც თანამშრომლები ითხოვდნენ კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია (რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა), კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი - "პოსტივის" წამყვანი ბაჩო ოდიშარია. "პოსტივის" 52 პროცენტის მფლობელი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძეა.

XS
SM
MD
LG