Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსებს უნდა გავყვე“(თ)?


ავტორი - თამარ მღებრიშვილი

იდენტობის კრიზისი გიორგოს ვიზიინოსის „მოსკოვ სელიმში“

გიორგოს ვიზიინოსი მე-19 საუკუნის ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც თანამედროვე ბერძნული მოთხრობის ასპექტში თავისი შემოქმედებით ცალსახად მნიშვნელობს.

ვიზიინოსის შემოქმედებიდან ამჯერად ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა მოთხრობა „მოსკოვ სელიმი“, სადაც მრავალასპექტობრივად ჩნდება იდენტობის პრობლემა.

„მოსკოვ სელიმი“ მწერლის წინასიტყვაობით იწყება, სადაც ავტორი პროტაგონისტის მიმართ საკუთარ მკაფიო დამოკიდებულებას ავლენს, როგორც თავად ამბობს ბერძენ მწერალს ფანატიკოსები ბრალსაც დასდებენ, რადგან თურქის ღირსება არა თუ შებღალა, არამედ ღირსების უმაღლესი საფეხურიდან დაგვანახა.

მოთხრობაში იდენტობის საკითხი ვრცელია, აქ გვხდება როგორც ინდეტობის კრიზისი, ასევე გენდერული და რელიგიური იდენტობის თემებიც, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა კი სათაურშივე ცხადდება, მწერალი სათაურად პროტაგონისტს სახელ-კომპოზიტს იყენებს - მოსკოვ სელიმი, რომელიც პერსონაჟის გაორებული დამოკიდებულების მიმანიშნებელია.

  • რა არის იდენტობა?
  • რას ნიშნავს იდენტობის კრიზისი?
  • რას გულისხმობს რელიგიური და გენდერული იდენტობა?
  • როგორ ყალიბდება ბავშვის იდენტობა?

იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან.

ინდივიდებს, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე რელიგიურ იდენტობას, უწოდებენ კორელიგიონისტებს. რელიგიას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდის იდენტობის ფორმირებაში. მას შეუძლია ადამიანს მისცეს კუთვნილების გრძნობა, მაგრამ ასევე შეუძლია შეზღუდოს მისი აღქმული თავისუფლება, რაც გამოიწვევს რწმენის კრიზისს.

არ არსებობს საზოგადოება, რომელიც არ არის სქესის მიხედვით დეტერმინირებული. ამგვარი დამოკიდებულებები, სათავეს ღრმა ისტორიულკულტურულ წარსულში იღებს. მკვლევართა ერთი ნაწილის მიხედვით სქესი კულტურულად დეტერმინირებული კატეგორიაა.

სმითის მოსაზრების მიხედვით, კოლექტიურ იდენტობათა შორის ყველაზე უფრო აშკარა და ფუნდამენტური არის გენდერული იდენტობა. მისი აზრით, რეალურად ჩვენი სქესობრივი კუთვნილება განგვსაზღვრავს ჩვენ, და, რომ სწორედ ის არის უნივერსალური კატეგორია.

იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი ბავშვობიდან იწყება, მოთხრობაში იდენტობის საკითხზე მსჯელობაც პერსონაჟის ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. მოსკოვ სელიმი ტრადიციულ თურქულ ოჯახში დაიბადა, სამ ძმას შორის იგი ყველაზე უმცროსი და დედის საყვარელი შვილი იყო. გენდერული იდენტობის პრობლემა ბავშვობას უკავშირდება, სიუჟეტურად მოცემულია, რომ სელიმი დედისთვის არა მხოლოდ საყვარელი შვილი, არამედ თვითშექცევისა და კომპლექსურობის გადაფარვის შესაძლებლობა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სელიმი 12 წლის არის, ბიოლოგიური კუთხით სწორედ ამ ასაკიდან იწყება გარდატეხის პერიოდი და გენდერული იდენტიფიკაციის პროცესი, რომლის სისწორე ამ შემთხვევაში დარღვეულია.

„ნაბოლარა ვიყავი, და არ გვყოლია, ამიტომაც დედაჩემს, შეუნდოს უფალმა, ჩემი ხარამხანიდან გაშვება არ უნდოდა. უფრო მეტიც, საბრალოს ქალიშვილის არყოლის გამო გოგოს ტანსაცმელში ვყავდი გამოწყობილი.“

სელიმის ჭაბუკად გადაქცევის პროცესი სწრაფი და ხელოვნური აღმოჩნდა, ამ შემთხვევაშიც დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობის კომპლექსურობა ვლინდება, ვინაიდან იგი თითქოს შვილს აძლევს უფლებას აირჩიოს გენდერული იდენტობა, სელიმი კი ჭაბუკად გადაქცევას და კაბების ნაცვლად, იარაღს ირჩევს.

„როგორც გითხარი, მაშინ 12 წლის ვიყავი და არაფერს შეეძლო ჩემი დედის კალთასთან ისე მიჯაჭვა, როგორც დანაპირებს, რომ გოგოს ტანსამელს გამხდიდა და იარაღს მიყიდდა“

შეგვიძლია თუ არა იდენტობის შეცვლა, ეს არის პირველი შეკითხვა, რომელიც იდენტობის გაორებასთან დაკავშირდებით ჩნდება.

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური მოძღვრების ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას “ფისიქიკური რეალობა" წარმოადგენს. „პირველადი მამის“ ტრანსფორმაცია ღმერთად სწორედ ფსიქიკურ რეალობას უკავშირდება.

სელიმისა და მამის ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებითი ხაზია, ჩნდება შინაგანად ამაყი და ფიზიკურად მკაცრი მამის პროტოტიპი, რომელიც არაერთგვაროვან სიყვარულს ავლენს შვილების მიმართ, მას უფროსი ვაჟის მიმართ აქვს დიდი სიყვარული, ვინაიდან მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური მსგავსებაა, ფიზიკური მსგავსება არ არის მამასა და სელიმს შორის, მაგრამ არსებობს შინაგანი მსგავსება, რისი დანახვაც მამას არ შეუძლია და შესაბამისად, მის მიმართ არ აქვს ისეთივე სიყვარული, როგორიც უფროსი ვაჟის, ჰასანის მიმართ.

ჰასანის დეზერტირად გახდომის შემდეგ, სელიმი სულთნის ლაშქარში ეწერება და რუსების წინააღმდეგ მიდის საბრძოლველად, ოჯახის შემდეგ სწორედ ომის სოციალიზაცია აძლევს ბიძგს იდენტობის შეცვლისკენ, დამსახურებულ ჯილდოს მის ნაცვლად ყოფილი დეზერტირი იღებს, საკუთარი ქვეყნისა და ჯარის მიერ კი უარყოფილი და გამოყენებული რჩება.

ტყვედ ყოფნის პერიოდში რუსების მიერ გამოჩენილი უმნიშვნელო სითბო და მზრუნველობაც კი სელიმისთვის ხდება შინაგანი ძვრების საფუძველი, იგი იწყებს საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმას. რუსებთან გაზიარებული სითბო ერთ შემთხვევაში ბავშვობის ტრავმის შემსუბუქება და მამის სიყვარულის დანაკლისის შევსება, ხოლო მეორე შემთხვევაში, თვითშეფასების ამაღლების საშულება.

სელიმი სულთნისა და სახელწმიფოს დასაცავად როგორც აღვნიშნეთ საკუთარ ოჯახსაც ტოვებს, იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება სწორედ მისი ოჯახი იყო, თუცა მოსკოვ სელიმი ამასაც კარგავს, კონტანსტინეპოლის გზაზე მიმავალი ცოლ-შვილი ეღუპება.

ახლა კი უნდა დავუბრუნდეთ შეკითხვას, რომელიც დავსვით, შეგვიძლია თუ არა იდენტობის შეცვლა?

თუ მოსკოვ სელიმის მიხედვით ვიმსჯელებთ, დაზუსტებით ვიტყვით, რომ იდენტობის შეცვლა შეუძლებელია, მიუხედავად ყველაფრისა, რაც სელიმმა გამოიარა და ეს გულისხმობს იდენტობის კრიზისს, მან ვერ მოახერხა რუსად გახდომა, ვერ მოახერხა მშობლების სარწმუნებაზე უარის თქმა.

„დედ-მამა მუსლიმანები მყავდა... მეც და სხვა დანარჩენი ოსმალებიც სულთნის საკუთრება ვიყავით... სისხლი ოდესმე გაწყალებულა? როგორ უარვყო ჩემი სისხლი?! როგორ ვუღალატო ჩემს ბატონს? რუსებს უნდა გავყვე?“

გიორგოს ვიზიინოსი კი მოთხრობას შემდეგი შემაჯამებელი ფრაზით ასრულებს:

„თურქი თურქად დარჩა.“

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG