Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკრანთან ხანგძლივი დროის გატარება  და მენტალური ჯანმრთელობა ბავშვებში


ავტორი: ხათუნა გოგუაძე

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ბავშვები იზრდებიან ციფრულ რეალობაში. წლების წინ თუ მხოლოდ ტელევიზორის ეკრანის წინ უწევდათ ყოფნა, ახლა ამ ყველაფერს ემატება ტელეფონის, კომპიუტერის და ტაბლეტის ეკრანი. საშუალოდ ბავშვები ეკრანთან 5-7 საათს ატარებენ დღეში. ამავდროულად, ბავშვები რომლებიც 7 ან მეტ საათს ატარებენ ეკრანთან, ორჯერ უფრო მოწყვლადები არიან, რომ შფოთვისა და დეპრესიის ნიშნები გამოავლინონ. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევამჩნიოთ ჭარბი ციფრული ინტერაქციის სიღრმისეული გავლენა ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე და მივეხმაროთ ბავშვებს ბალანსის აღდგენაში. ამისთვის შეგვიძლია გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები:

შეაფასე რისკები - თავდაპირველად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ქცევას დააკვირდეთ, აქვს თუ არა ჭარბად ეკრანთან ყოფნის დამახასიათებელი ქცევები: გაღიზიანებულია ხშირად, დაღლილია, ყურადღების ფოკუსირება უჭირს, სხვა აქტივობებზე უარის ამბობს და მხოლოდ ეკრანთან ყოფნის ძლიერი მოთხოვნა აქვს. ასევე დააკვირდით ეკრანის დროს - შეაფასეთ სიხშირე, ხანგრძლივობა და შინააარსი, თუ რას უყურებს ბავშვი. შეაფასეთ რამდენად ხელის შემშლელია ეს ყველაფერი მის ყოველდღიურ რუტინასთან, სოციალურ ინტერაქციასა და საერთო ემოციურ ფონთან.

მოუსმინე განსჯის გარეშე – მეორე ნაბიჯი არის თანამგრძნობი მოსმენა, რაც გულისხმობს ბავშვისთვის შეწყვეტინებისა და განსჯის გარეშე საშუალების მიცემას, რომ ილაპარაკოს ეკრანთან ურთიერთობისას მის შეგრძნებებსა და ფიქრებზე. ეცადეთ, რომ ემოციური დიალოგი იყოს ღია, სადაც ერთმანეთს უსმენთ პატივისცემით, მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა ბავშვის აზრებსა და შეგრძნებებს.

მიაწოდე ინფორმაცია და გაამხნევე- გულწრფელი დაინტერესებისა და მოსმენის შემდეგი ნაბიჯია ბავშვის გამხნევება და მისი შეგრძნებების ვალიდაცია, რომ ის მარტო არ არის და შესაძლოა თქვენც გაქვთ მსგავსი სირთულე. ასევე ხაზი გაუსვით, რომ დახმარება შესაძლებელია. საუბრისას, მიაწოდეთ ინფორმაცია, რამდენად სასარგებლოა ტექნოლოგიები თუ დაბალანსებულად იყენებს ადამიანი და რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია. ტექნოლოგიების დახმარებით შეგვიძლია წამებში ახალი და საინტერესო აღმოჩენები გავაკეთოთ, ვითამაშოთ, მეგობრებთან ერთად დრო გავატაროთ. ასევე მიაწოდეთ ინფრომაცია, იმის შესახებ თუ რა უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ხანგრძლივი დროით ეკრანთან ყოფნას, როგორიცაა ცოტა დრო სპორტული და სხვა თამაშებისთვის, ძილის პრობლემები, მეგობრებთან ნაკლები დროის გატარება და ხასიათის ცვლილებები.

წაახალისე პროფესიონალური დახმარება - თუ ეკრანთან ურთიერთობის სირთულე უკვე განგრძობითია და ვერ ახერხებთ, როგორც მშობლემა, რომ მოეხმაროთ ბალანსის აღდგენაში, მაშინ უთხარით, რომ არსებობენ ფსიქოლოგები, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს და ბევრ ბავშვს ძალიან მოსწონთ მათთან ურთიერთობა, რადგან საინტერესო თემებზე საუბრობენ, თამაშობენ და განიხილავენ ბევრ საოცარ რამეს შეხვედრებზე.

წაახალისე თვით-დახმარება და სხვა მხარდამჭერი გზები- ბოლოს თუ კრიზისული სიტუაცია არ საჭიროებს პროფესიონალებისგან გადაუდებელ დახმარებას, შესაძლოა, მარტივი თვითდახმარებისა და მხარდამჭერი სტრატეგიების გაზიარება, როგორიცაა თვითზრუნვის აქტივობებში ჩართვა:

ა) ესაუბრე ციფრულ ჰიგიენაზე- როგორც კბილებს ვიხეხავთ და პირს ვიბანთ დილით, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული სივრცის მოწესრიგება, როგორიცაა პერსონალური ინფორმაციისა და უსაფრთოების წესების დაცვა სოციალურ ქსელში; ხაზი გაუსვით, რომ მნიშვნელოვანია პატივისცემით ისაუბრონ ონლაინ სივრცეშიც, და მათი ქმედებების პოტენციურ შედეგებზე ესაუბრეთ. შეუთანხმეთ, დღის რომელ ნახევარში და რა ხანგძლივობით შეუძლია ტელეფონის გამოყენება. ასევე შეთანხმების შემდეგ ტელეფონზე დააყენებინეთ „ეკრანის დრო“. ეს მექანიზმი ყველა ტელეფონში არის ჩაშენებული და ავტომატურად ბლოკავს ეკრანს მითითებული დროის გასვლის შემდეგ.

გ) ითამაშეთ მათთან ერთად - გამოცადეთ და დაინტერესდით რატომ არის ეს კონკრეტული თამაში მისთვის ასეთი საინტერესო და გასართობი, რომ მერე უკეთესი უსაფრთხოების სტრატეგიები შეიმუშაოთ ერთად. ხშირად ბავშვები არ ენდობიან მშობლების რჩევას თამაშთან დაკავშირებით, რადგან ჰგონიათ, რომ არ ესმით მათ თამაში და მისი სპეციფიკა. მართლებიც არიან.

პირველი მცდარი აზრია, რომ თამაში ასოციალური აქტივობა არის. არადა ბავშვების უმეტესობა ზუსტად იმიტომ ირჩევს ონლაინ კომპიუტერულ თამაშებს, რომ იქ მეგობრებთან ერთად საერთო მისიებს ასრულებენ და პარალელურად ერთმანეთს ესაუბრებიან და უფრო მეტად უმეგობრდებიან.

მეორე, ეს არის დროის აღქმა. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ „ ხუთი წუთიც და დააპაუზე.“ არადა თამაშში დრო სხვანაირად გადის, შეიძლება დონეები და რაუნდები იყოს და ამასთანავე დაპაუზებაც ვერ ხერხდება ხშირად. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელს ესმოდეს თამაშის მექანიკა, რომ ბავშვს მის მიმართ მეტი ნდობა ჰქონდეს, როცა თამაშთან მიმართებაში რჩევებს მისცემს.

ბ) შესთავაზე ეკრანის გარეშე შესაძლებლობები: სათამაშო მოედანზე გასეირნება, მისი საყვარელი კერძის ერთად მომზადება, სამაგიდო თამაშები, ახალი ჰობის გაცნობა ან ოჯახის წევრებთან დროის გატარება. დაეხმარეთ ბავშვს, რომ აღმოაჩინოს ახალი ინტერესები.

გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი არის განსხვავებული და ეკრანთან ბალანსირებული ურთიერთობა შესაძლოა განგრძობითი პროცესი აღმოჩნდეს, რაც გამოიხატოს პერიოდულად მიდგომებისა და დამოკიდებულებების ცვლილებაში. ზემოთ აღწერილი ნაბიჯები კი მხოლოდ დამხმარე ხელსაწყოებია ბავშვსა და ტექნოლოგიებს შორის ჯანსაღი მენტალური კავშირის ჩამოყალიბებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG