Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰანტერ ბაიდენი დათანხმდა, აღიაროს გადასახადების გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება


ჰანტერ ბაიდენი. ვაშინგტონი, 20 იანვარი, 2021.
ჰანტერ ბაიდენი. ვაშინგტონი, 20 იანვარი, 2021.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა, საშემოსავლო გადასახადების განზრახ გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება აღიარა. როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთან გარიგების ფარგლებშია მიღებული. ეს ჩანს სასამართლო დოკუმენტებიდან, იუწყება Reuters.

ამასთან, შეთანხმების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენის მიმართ არ განხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა იმაში ბრალდებით, რომ 2018 წელს იარაღის ყიდვისას მან მოიტყუა, რომ ნარკოტიკები არ მოუხმარია. მოსალოდნელია, რომ ბრალდებული დათანხმდება მედიკამენტურ მკურნალობასა და დაკვირვებას. გარიგების პირობები, დიდი ალბათობით, მას ციხეს გადაარჩენს, აღნიშნავს BBC.

ასევე აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება 2017 და 2018 წლებში გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებულ წვრილმან სამართალდარღვევებს და რომ ყველა ეს თანხა უკვე სრულად არის დაფარული.

მიღწეული შეთანხმება ახლა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს. როდის წარდგება ჰანტერ ბაიდენი სასამართლოს წინაშე, ჯერჯერობით უცნობია.

ჰანტერ ბაიდენის მიმართ ბრალდებები იყო შედეგი გამოძიებისა, რომელიც პროკურორმა დევიდ ვაისმა ჩაატარა დელავერში, დემოკრატი ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატში. ვაისი დაინიშნა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა.

იმის თაობაზე, რომ პროკურორი ვაისი სწავლობს მის საგადასახადო საქმეებს, პრეზიდენტ ბაიდენის შვილმა 2020 წლის დეკემბერში განაცხადა. მაშინ ის უარყოფდა დანაშაულს. ამერიკის მედიის ცნობით, დევიდ ვაისის ხელმძღვანელობით გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.

ჯო ბაიდენმა სამშაბათს მხარდაჭერა გამოუცხადა შვილს, რომელიც დათანხმდა დანაშაულის აღიარებას. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის უყვართ და მხარს უჭერენ თავიანთ შვილს, ვინაიდან ის აგრძელებს თავისი ცხოვრების აღდგენას. ჩვენ სხვა კომენტარი არ გვექნება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG