თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე, პარლამენტთან, ჭიათურელმა მაღაროელებმა კარვები გაშალეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.
20 ივნისს, 16:00 საათზე, მაღაროელები მსვლელობას გეგმავენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალურ ოფისისკენ. მსვლელობის შემდეგ ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან და გააგრძელებენ აქციას.
რამდენიმე ათეული გაფიცული მაღაროელი ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსპარანტები: „ამოკერილი თვალითაც გხედავთ", „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს". ჭიათურაში მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სწორედ პირი და თვალები ამოიკერა.
როგორც მაღაროელები აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მათი პრობლემა გასცდეს ჭიათურის ფარგლებს. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან დედაქალაქში და გააგრძელებენ შიმშილობას.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
- ულუფის გაუმჯობესება;
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.
კომპანია თანახმაა მიიღოს რამდენიმე გადაწყვეტილება:
- "2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით";
- "პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც";
- "კომპანიაში აუდიტის ჩატარება".
"ხელფასების მატება - მთავარი რაც იყო - იმას არ შეეხნენ, დანარჩენს ნაწილობრივ შეეხნენ. ხელფასი თითოეული მაღაროელის ტკივილია, გაჭირვებაა. მაღაროელები ისეთ საქმეს ასრულებენ, გმირები არიან და ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს. ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - თქვა ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ აქციის მონაწილეების თბილისში გამგზავრებამდე.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.