Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელები 20 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისისკენ მსვლელობას გეგმავენ


19 ივნისი. თბილისი. გაფიცული მაღაროელების აქცია
19 ივნისი. თბილისი. გაფიცული მაღაროელების აქცია

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, გაფიცულმა მაღაროელებმა გამოაცხადეს, რომ 20 ივნისს, 16:00 საათზე, დაიწყებენ მსვლელობას „ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალური ოფისისკენ.

„იქ შემოვძახებთ, იქ კიდევ შევაწუხებთ, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით, ჭიათურა არ დაიდგამს მონურ უღელს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტარიელ მიქაცაძემ.

მსვლელობის შემდეგ მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას და ამბობენ, რომ გააგრძელებენ მშვიდობიან აქციას.

19 ივნისი. თბილისი. გაფიცული მაღაროელების აქცია
19 ივნისი. თბილისი. გაფიცული მაღაროელების აქცია

რამდენიმე ათეული გაფიცული მაღაროელი ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსპარანტები: „ამოკერილი თვალითაც გხედავთ", „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს". ჭიათურაში მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სწორედ პირი და თვალები ამოიკერა.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მათი პრობლემა გასცდეს ჭიათურის ფარგლებს. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან დედაქალაქში და გააგრძელებენ შიმშილობას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტარიელ მიქაცაძემ. როგორც მან განაცხადა, გაფიცული მაღაროელები არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან.

"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ თანამშრომლების მხრიდან ახლა ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. კომპანიის პრესკონფერენცია გაიმართა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისში, რომელიც "კინგ დევიდის" კომპლექსში მდებარეობს.

"თანხმობას და მზაობას ვაცხადებთ, ხელფასების მატება მიბმული იყოს გარკვეულ სამომავლო ფინანსურ შედეგებზე, როდესაც დაიდება, დადასტურდება ჩვენი ზარალიანობის... რაღაცაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ან დღეს გვაქვს თუ არა საშუალება გადავიხადოთ (ეს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ ნახოს), ან შევთანხმდეთ, რომ ხვალ რომ მე მექნება, შემდეგ მოვუმატოთ", - თქვა კომპანიის დირექტორმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის ზარალი დაახლოებით 12 მილიონია, თანამშრომლებისთვის ხელფასის კიდევ 15 პროცენტით გაზრდა კი გულისხმობს დამატებით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას. მაღაროელები თავდაპირველად ხელფასის 40 პროცენტით გაზრდას მოითხოვდნენ, კომპანია ხელფასის მხოლოდ 5 პროცენტით მომატებას დასთანხმდა.

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.

კომპანია თანახმაა მიიღოს რამდენიმე გადაწყვეტილება:

  • "2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით";
  • "პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც";
  • "კომპანიაში აუდიტის ჩატარება".

"ხელფასების მატება - მთავარი რაც იყო - იმას არ შეეხნენ, დანარჩენს ნაწილობრივ შეეხნენ. ხელფასი თითოეული მაღაროელის ტკივილია, გაჭირვებაა. მაღაროელები ისეთ საქმეს ასრულებენ, გმირები არიან და ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს. ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - თქვა ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ აქციის მონაწილეების თბილისში გამგზავრებამდე.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG