მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც თბილისში, ყოფილ იპოდრომზე პარკის მოწყობის სამუშაოებში ჩართვას ითხოვს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. ელენე ცერცვაძემ, რომელიც წარმოადგენს "იპოდრომი - უბეტონო მხარეს", მერს წერილი დაუტოვა.
"ვითხოვთ მერთან შეხვედრას, რათა მოისმინოს ჩვენი აზრი და ჩაგვრთონ პარკის მოწყობის პროექტში, რაც კანონით გათვალისწინებულია - მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და ჩართვა, არის ჩვენი უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო ეთერებით სრულიად სხვა რამეს ლაპარაკობს ჩვენი მერი, სამი წელია არ შეგვხვედრია და გვინდა, რომ თავი შევახსენოთ", - ამბობს ცერცვაძე რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.
მისი თქმით, მესამე წელია, იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს და მერიის სამსახურებმა ხეები და ნარგავები მოჭრეს, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ტერიტორიას.
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2020 წლის ოქტომბერში, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადასცა.