მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რადიკალიზმითა და პოლარიზაციით ხსნის ოპოზიციური პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას. კობახიძეს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე კითხვა დაუსვეს გორში, სადაც იმართებოდა "ქართული ოცნების" პარტიული ღონისძიება.
"ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ძალადობა არის არასწორი, არის მიუღებელი და ამას სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ასეთი საკითხების გამოძიება.
ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, ცდილობენ რადიკალიზმის შემოტანას და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადადის ხოლმე ძალადობაში. ეს არის ძალიან ცუდი, მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას", - თქვა კობახიძემ.
17 ივნისს, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, გორში თავს დაესხნენ. ის ბორჯომში “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა.
ამ ფაქტიდან დაახლოებით ორ საათში აგრესიულ ადამიანთა ჯგუფი ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის ზურაბ ჯაფარიძეს ლექცია უნდა ჩაეტარებინა.