Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი დაიწყო


ენტონი ბლინკენი და მისი ჩინელი კოლეგა ცინ განი
ენტონი ბლინკენი და მისი ჩინელი კოლეგა ცინ განი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა, სადაც პირველ შეხვედრას და მოლაპარაკებას გამართავს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცინ განთან. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება, რომლის დროსაც ბლინკენი, შესაძლოა, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შეხვდეს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს არის ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი მოგზაურობა ჩინეთში.

ბლინკენის ვიზიტი პეკინში დაგეგმილი იყო თებერვალში, მაგრამ გადაიდო მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა თავის საჰაერო სივრცეში ჩინური აეროსტატი ჩამოაგდო.

ვაშინგტონმა მაშინ განაცხადა, რომ საფრენი აპარატი დაზვერვით იყო დაკავებული. ჩინეთის ხელისუფლება კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო მეტეოზონდი, რომელიც კურსს ასცდა.

მოელიან, რომ ბლინკენის მოგზაურობა ჩინეთში იქნება ჩინეთის პრეზიდენტისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის სამზადისი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადრე თქვა, რომ უახლოეს თვეებში სი ძინ პინთან შეხვედრას იმედოვნებს.

  • ვაშინგტონმა და პეკინმა ცოტა ხნის წინ ტაივანზე მკაცრი განცხადებები გაცვალეს. ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს ტაივანის ხელისუფლებასთან ამერიკელი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების პირდაპირი კონტაქტების გამო.
  • შეერთებული შტატები არ აღიარებს ტაივანს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ისევე როგორც გაეროს ქვეყნების უმეტესობას, მაგრამ მტკიცედ ეწინააღმდეგება ჩინეთის მუქარას კუნძულის ძალის გამოყენებით ანექსიის შესახებ. კანონმდებლობის თანახმად, ვაშინგტონს შეუძლია სამხედრო დახმარება გაუწიოს ტერიტორიას.
  • გარდა ამისა, შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ჩინეთმა შეიძლება დაიწყოს რუსეთის იარაღით მომარაგება უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ასეთი მიწოდების პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ბლინკენმა განაცხადა, რომ პეკინი მოსკოვს არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს და ასევე განიხილავს იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ ამარაგებს და არ გეგმავს კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის იარაღის მიწოდებას.
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე ჩინეთმა სამხედრო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში თორმეტი პუნქტია, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა.
  • კიევი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ გეგმა არ ითვალისწინებს უკრაინის ინტერესებს.
XS
SM
MD
LG