Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ში დაშავებული სტუდენტის საქმეზე გამოძიება დაიწყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით


ლუკა შველიძე. ფოტო გადაღებულია 17 ივნისს, თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.
ლუკა შველიძე. ფოტო გადაღებულია 17 ივნისს, თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.

17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოგვიანებით ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს, მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით იძიებენ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

17 ივნისს უნივერსიტეტში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტების ნაწილი ცდილობდა გაეპროტესტებინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექცია.

თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა ერთ-ერთი სტუდენტი, ლუკა შველიძე, რომელიც მიყენებული დაზიანებებით გადაიყვანეს ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც მეორე ინციდენტი მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს დაესხნენ ლუკა შველიძე და მისი ახლობლები.

ლუკა შველიძე ინციდენტის შემდეგ ირწმუნებოდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ლუკა შველიძეს სამართალდამცავები დღეს გამოჰკითხავენ ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში.

ირაკლი კობახიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტში "რუსულ კანონად" შერაცხილ კანონპროექტს "უცხოეთის აგენტების შესახებ". "რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტის პარალელურად, ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი 11 მარტსაც მოუწყვეს და აუდიტორიასთან გააკრეს ბანერები წარწერებით: "ღალატს ვერ გამოითხოვ!", "მომავალს ვერ წაგვართმევ", "გადადებული საქმე ეშმაკისაა". მათ ასევე აუდიტორიასთან დატოვეს კობახიძის წიგნები წარწერებით: "მტრის არ მგმობი მოღალატეა" და ა.შ. კობახიძე ამ დღეს უნივერსიტეტში არ მისულა.
XS
SM
MD
LG