Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავს, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის შეიარაღებული დაცვა იმყოფებოდა, ვარშავიდან რუსეთში გაფრენის უფლება არ მისცეს


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა. 16 ივნისი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა. 16 ივნისი, 2023 წელი

სამხრეთ აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას უსაფრთხოების პერსონალი და პრესის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფებოდა, ვერ მიიღო ვარშავიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრენის ნებართვა.

პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ მან დააკავა თვითმფრინავი, რადგან მცველები ცდილობდნენ 12 (სხვა წყაროების თანახმად, 13) ყუთი იარაღის გადატვირთვას. შედეგად, პოლონელმა მებაჟეებმა დაცვის წევრებს თვითმფრინავის დატოვების საშუალება არ მისცეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე იყო საშიში მასალები, რომელთა იმპორტისთვის სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს ნებართვა არ ჰქონდათ. რა სახის მასალები იყო, არ არის მითითებული.

სამხრეთაფრიკული პორტალის News24-ის ინფორმაციით, ლაინერი ვარშავაში 15 ივნისს ჩაფრინდა. ის აეროპორტში ერთ დღეზე მეტხანს იყო დაბლოკილი, რის შემდეგაც პრეტორიაში დაბრუნება მოუწია. ბორტზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ სასტუმროში მისვლა თვითმფრინავის დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლეს.

რამაფოსა ვარშავაში ცალკე თვითმფრინავით ჩავიდა. მისი გარემოცვის წევრები ვარაუდობდნენ, რომ რამაფოსას მცველები სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჩასვლამდე კიევსა და პეტერბურგში წავიდოდნენ და იქ უზრუნველყოფდნენ მის უსაფრთხოებას.

სირილ რამაფოსა, აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის ფარგლებში, 16 ივნისს უკრაინაში იმყოფებოდა, დღეს კი ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც აფრიკის ქვეყნების - ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ გამართავს, სანამ კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს ომის არა დასრულებას, არამედ მხოლოდ გაყინვას.

XS
SM
MD
LG