Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმერეთის მეფეთა მე-17 საუკუნის საერო ნაგებობის რესტავრაცია შეჩერდა


„ოქროს ჩარდახი“
„ოქროს ჩარდახი“

ქუთაისში შეჩერდა იმერეთის მეფეთა მე-17 საუკუნის რეზიდენციიდან დღემდე შემორჩენილი ერთადერთი საერო ნაგებობის რესტავრაცია. ქუთაისის მერიამ „ოქროს ჩარდახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ივერთმშენს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა და 145 244 ლარით დააჯარიმა.

სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მერიამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად სამუშაოების ნელი ტემპი და გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენა მიუთითა. სოციოლოგი და კულტურის მკვლევარი სოფო ზვიადაძე, რომელიც „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციის შეჩერების მომხრე საინიციატივო ჯგუფის წევრია, ეჭვობს, რომ პროტესტის ფონზე მერიის გადაწყვეტილება პრობლემების კომპანიისთვის გადაბრალებას შეიძლება ისახავდეს მიზნად:

„ძნელია თქმა, ეს არის თუ არა „ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯი, თუ ისრების სხვებზე გადატანაა... საინიციატივო ჯგუფის კითხვები, პირველ რიგში, მიმართული იყო პროექტის და არა სამშენებლო კომპანიის მიმართ“, - აცხადებს სოფო ზვიადაძე და დასძენს, რომ აუცილებელია პროექტის დროული ცვლილება, რათა სახურავის გარეშე დარჩენილი ძეგლი არ დაზიანდეს და ახალი პრობლემები არ გაჩნდეს.

„ოქროს ჩარდახი“
„ოქროს ჩარდახი“

ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია, რომელზეც მილიონი ლარია გამოყოფილი, ქუთაისის მერიამ მარტში დაიწყო და სამუშაოები კომპანია „ივერთმშენს“ დაუკვეთა. მერიის თანახმად, მას 2019 წლიდან შესრულებული აქვს ჯამში 4,6 მლნ ლარის ანალოგიური ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი.

ქუთაისის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა მოულოდნელი აღმოჩნდა მშენებელი კომპანიისთვის. როგორც „ივერთმშენში“ განმარტავენ, რეკონსტრუქციას ვადების დაცვით ვერ ახორციელებდნენ, რადგან დამკვეთისგან სრულყოფილი პროექტი ვერ მიიღეს. სატენდერო დოკუმენტებში ჩანს, რომ კომპანიამ მერიას ერთი თვის წინ მიმართა წამოჭრილი ათამდე საკითხის გამო, რადგან მათ დაუზუსტებლად შეუძლებელი იყო რეკონსტრუქციის გაგრძელება.

„თითქოს სპეციალურად მოხდა, წლებია ვმუშაობთ მსგავს პროექტებზე და მსგავსი ჯერ არ ყოფილა, ხის მასალაზე შევთანხმდით, შეცვალეს მუხა წაბლით, დავამზადეთ ნაწილი და მერე აღარ შეცვალეს”, - ამბობს კომპანიის დირექტორი ედიშერ ჯანჯულია და ასევე აღნიშნავს, რომ დაკისრებულ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციის სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი ათობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანის გაერთიანებით მაისში შეიქმნა - 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ ხელი მოაწერა საპროტესტო პეტიციას, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა შეადგინა. ქუთაისის მერიამ რესტავრაციის შეჩერების მოთხოვნით „მემკვიდრეობის პლატფორმის“ წერილიც მიიღო. ამ განცხადებას სამოქალაქო-საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად ხელს აწერენ ICOMOS საქართველო, ICOM საქართველო და საქართველოს ეროვნული ფონდი.

სპეციალისტების მოსაზრებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციამდე არ იყო მომზადებული არქეოლოგიური და სიღრმისეული სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტისთვის.

XS
SM
MD
LG