მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი და ამავდროულად მომღერალ გია გაჩეჩილაძის (იმავე "უცნობის") თანამოაზრე, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ ბორჯომში, ბანაკში მათი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. შაქარიშვილი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა.
"ბორჯომის სუფთა ჰაერს ჩრდილში, თუ დაგვაცდით, კარგი იქნება... არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები..." - ამბობს ვატო შაქარიშვილი "TV პირველთან" საუბრის დროს.
დაახლოებით დღის 12:00 საათზე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე ათეულობით ადამიანი იყო მობილიზებული. ამ ხალხის მხრიდან ისმოდა გინება. იმ ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის ამ პოლიტიკოსს ლექცია უნდა ჩაეტარებინა.
"ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც - ადამიანი, რომელიც ამ ამბის შესახებ ჰყვებოდა, ამბობდა, რომ მათ ესროლეს ქვები და საღებავები.
უფრო ადრე, დაახლოებით დილის 10:00 საათზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ამ ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა.
ამ თავდასხმის შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებელი ვატო შაქარიშვილი იყო.
"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება", - ამბობდა შაქარიშვილი, რომელიც არის კონსერვატიული გაერთიანების - “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი.