Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში მმართველი კოალიცია მემარჯვენე ძალებისგან ჩამოყალიბდა


ფინეთის ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრები სანა მარინი და პეტერი ორპო
ფინეთის ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრები სანა მარინი და პეტერი ორპო

ფინეთში, 74 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს ხელმძღვანელობით ახალი სახელისუფლებო კოალიცია ჩამოყალიბდა. ეს იქნება, როგორც მედია წერს, ყველაზე უფრო მემარჯვენე მთავრობა ფინეთის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

კონსერვატიული "ნაციონალური კოალიციის" გარდა, რომელსაც ორპო უდგას სათავეში, ხელისუფლებაში წარმოდგენილი იქნება ნაციონალისტურ პარტია "ნამდვილი ფინელების", ქრისტიან-დემოკრატებისა და შვედების სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ფინეთის მთავრობაში არ იქნება მემარცხენე პარტიების არც ერთის წარმომადგენელი.

აპრილის დასაწყისში ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს განხორციელებული ეფექტიანი ნაბიჯებითა და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერით მოპოვებული პოპულარობის მიუხედავად, განვლილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სანა მარინის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა.

ფინეთის ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, დიდი ალბათობით, იქნება ეროვნული ვალის შემცირება იმ დროს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ქვეყნის ნატოში გაწევრიანება თავდაცვის ხარჯების გაზრდას მოითხოვს.

მარტის ბოლოს ფინეთის სახელმწიფო ვალი დაახლოებით 146 მილიარდი ევრო იყო, რაც მშპ-ის დაახლოებით 55% - ია. 2019 წლის ბოლოს, როდესაც სანა მარინის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა ხელისუფლებაში მოდიოდა, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 106 მილიარდი ევრო იყო.

XS
SM
MD
LG