Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიამ რუსეთს პარლამენტის გვერდით საელჩოს აშენება აუკრძალა


ავსტრალიის პარლამენტი, 31 მარტი, 2022.
ავსტრალიის პარლამენტი, 31 მარტი, 2022.

ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებების გამო გააუქმა რუსეთის მიერ ახალი საელჩოს შენობის მშენებლობისთვის საჭირო ნაკვეთის იჯარა. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

ტერიტორია, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ქირაობს, კანბერაში პარლამენტის შენობას ესაზღვრებოდა და დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ ასეთი სიახლოვე ჯაშუშობის რისკებთან არის დაკავშირებული.

ავსტრალიის მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტი 15 ივნისს წარუდგინა და ის ერთ საათში დაამტკიცეს, აღნიშნავს ABC.

ავსტრალიის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ რუსეთს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობების ქონას კი არ უკრძალავენ, არამედ მხოლოდ სურთ, რომ ახალი საელჩო არ იყოს განთავსებული პარლამენტის გვერდით.

მოსკოვი მანამდე აცხადებდა, რომ აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ რუსეთი არ უნდა ლაპარაკობდეს საერთაშორისო სამართალზე, „იმის გათვალისწინებით, რომ იგი ასე თანმიმდევრულად და ასე თავხედურად უარყოფს მას უკრაინაში შეჭრით“.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან ავსტრალიამ უზრუნველყო კიევის სამხედრო დახმარება და სანქციები დააწესა რუსეთის ასობით მოქალაქისა და კომპანიის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG