თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100 კონდიციონირების სისტემის გაუმართაობის გამო ავარიულად დაეშვა ირკუტსკში. ამის შესახებ იტყობინება ტელეგრამის არხი Shot-ი.
არხის თანახმად, გაუმართაობის აღმოჩენის შემდეგ, ეკიპაჟმა დაშვება მოითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავმა რამდენიმე წრე გააკეთა აეროპორტის თავზე, რათა საწვავი დაეხარჯა. კომპანია IrAero-ს თვითმფრინავი მირნისკენ მიფრინავდა, მასში 54 ადამიანი იმყოფებოდა.
ორი დღის წინ მოსკოვიდან აქტაუს მიმართულებით მიმავალი Sukhoi Superjet-100 ძრავის გაუმართაობის გამო ავარიულად დაეშვა სამარაში.
კორპორაცია „ირკუტი“ და „ძრავების გაერთიანებული კორპორაცია“, რომლებიც აწარმოებენ Sukhoi Superjet-100-ს, აკეთებენ პროგნოზს, რომ თვითმფრინავების პარკი 2023 წელს ხუთჯერ შემცირდება, თუ კომპანია ვერ აითვისებს Superjet-ისთვის უცხოური ძრავების შეკეთებას. სანქციების ფონზე რუსეთმა 3-ჯერ შეამცირა Superjet-ის სერიის თვითმფრინავების წარმოება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის მსხვილ ავიაკომპანიებს. სიაში ირკუტსკის საავიაციო ქარხანაც შედის. სანქციები მთლიანობაში შეეხო 40 რუსულ საწარმოს და დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულია თვითმფრინავების მრეწველობასთან.
ირკუტსკის საავიაციო ქარხანა არის კორპორაცია „ირკუტის“ ფილიალი, შედის გაერთიანებულ ავიამშენებელ კორპორაცია „როსტეხში“. ქარხანა აწარმოებს Su-30MK და Su-30SM მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს, ახალი თაობის Yak-130 საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავებს, კომპონენტებს Airbus A320-ის სამგზავრო თვითმფრინავებისთვის, ასევე MS-21-ის ჯგუფის სამგზავრო თვითმფრინავებისთვის.