Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პერსპექტივა“ უკრაინის გამარჯვებას უკავშირდება


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ომის გზით დაბრუნების არ სჯერა. ამის შესახებ ის „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

მისი სიტყვებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ძალიან კარგი გამოსავალი და პერსპექტივა არსებობს“, რაც რუსეთთან ომში უკრაინის მოსალოდნელ გამარჯვებას უკავშირდება.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინა ომს მოიგებს, სრულად აღადგენს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, რომ ის არ დატოვებს გზას კონფლიქტის გაყინვის ან სხვა საკითხისთვის. წარსულიდან ვიცით, ეს რას ნიშნავს“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებსაც უზიარებს თავის მტკიცე პოზიციას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ომის დასასრულს, მშვიდობიანი მოლაპარაკებების ან სხვა ფორმატში, როდესაც უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას გადაწყვეტს, რათა განსაზღვროს, რა იქნება გამარჯვება იმ მომენტისთვის, ევროპის ინტერესებში იქნება, რუსეთს ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს.

„ერთი მარტივი მიზეზით, მე არ ვსაუბრობ, როგორც მხოლოდ ქართველი, ცხადია, ვსაუბრობ, როგორც ქართველი. რადგან თუ რუსეთის ფედერაცია ერთხელ და სამუდამოდ არ აღიარებს, რომ მას არ შეუძლია თავისი მეზობლების ტერიტორიის ოკუპაცია, მცირე თუ დიდი [მეზობლების], მაშინ რუსეთი რუსეთად დარჩება და 5, 10, 15 წლის შემდეგ რაღაც მსგავსს ისევ წამოიწყებს, რადგან ეს მის იმპერიულ ამბიციებს წაახალისებს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამის გარეშე 15 წლის შემდეგ დასავლეთს ისევ მოუწევს იმის თქმა, რასაც ამბობდა 2008 წლის ომის, 1991-92 წლების ომების ან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ: „ჩვენ ეს უნდა გვცოდნოდა, ჩვენ უფრო სწორხაზოვანი უნდა ვყოფილიყავით, უფრო ძლიერები უნდა ვყოფილიყავით“.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი ევროპის ისტორიისთვის, დემოკრატიისთვის, ამ კონტინენტის თავისუფლებისთვის, თუ როგორი იქნება რუსეთის მომავალი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის „არ არსებობს საომარი ვარიანტი და არ არსებობს მეორე ფრონტი, რომელიც უკრაინას დაეხმარება“

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასა და სარკინიგზო კომუნიკაციების შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ნიადაგს „სინჯავს“, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს თბილისთან დაახლოების პროცესში. ამასთან, მისი სიტყვებით, „საქართველო ოკუპირებულია და მას არ შეუძლია დაპირისპირების პოლიტიკის გატარება, მაგრამ ის უნდა იყოს ძალიან მტკიცე“. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სიმტკიცის ნაკლებობა რუსეთს უბიძგებს იქითკენ, რომ მოსინჯოს ნიადაგი, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს. „ესაა ის, რასაც ვხედავთ. ეს სცადეს ამ ფრენებით. ახლა შეიძლება რკინიგზა სცადონ, სხვა რაღაცებსაც ცდიან და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სიმტკიცე გამოვაჩინოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის „ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავს“ და არავინ უნდა „სცადოს საქართველოს ხალხთან თამაში“.

საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

XS
SM
MD
LG