Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის, „ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ილაპარაკა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. როგორც პრემიერმა განაცხადა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით, უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. თავისუფალი სამყარო დღეს სერიოზული გლობალური გამოწვევების წინაშეა.

რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ომის დასაწყისი, რომელიც ყველას გვეხება. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო ძალიან ხშირად განიცდიდა რუსულ აგრესიას. მოგეხსენებათ, რომ 15 წლის წინ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. დაბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ყოფნისთვის და გაგიზიაროთ ქართველების მტკიცე რწმენა, რომ ქართველთა მრავალი თაობის მიზნის მიღწევა - ჩვენი ღირსეული ადგილის დაკავება ევროპის დემოკრატიულ ერთა ოჯახში, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესშია, არამედ, ასევე გახდის ამ ოჯახს უფრო ძლიერს და კიდევ უფრო გაერთიანებულს. დიდი მადლობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს, მანამდე ოქტომბერში ელიან გაფართოების შესახებ ევროკომისიის პირველ ანგარიშს საქართველოსთვის.

XS
SM
MD
LG