Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვაში გაქცეული რუსი სამხედრო მფრინავი იქ დატოვეს გადაწყვეტილების მოლოდინში


რუსეთის არმიის სამხედრო მფრინავი დმიტრი მიშოვი (მარჯვნივ) ინტერვიუს აძლევს BBC-ს.
რუსეთის არმიის სამხედრო მფრინავი დმიტრი მიშოვი (მარჯვნივ) ინტერვიუს აძლევს BBC-ს.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ დმიტრი მიშოვს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში ბრძოლაზე და ლიეტუვაში გაიქცა, იქ ცხოვრების უფლება მიეცა, სანამ ის თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის განხილვას ელოდება. ამის შესახებ სააგენტო Delfi იუწყება.

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა ორშაბათს საღამოს მიიღო. მიშოვი ლიეტუვაში შეუშვეს, მას უფლება აქვს, მის მიერ არჩეულ ადგილას დასახლდეს, განუცხადა სააგენტოს ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა გიდრიუს მიშუტისმა.

ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, მიშოვი ლიეტუვაში არალეგალურად შევიდა არა ევროკავშირის გარე, არამედ შიდა საზღვრებით. მან თავად განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში, რომ ლიეტუვაში მაისის ბოლოს ჩავიდა, ტყის გავლით გადაკვეთა საზღვარი პუტინის მოწინააღმდეგე გადამდგარი ოფიცრების დახმარებით. ივნისის დასაწყისში რუსი ოფიცერი ლიეტუვის მიგრაციის ხელისუფლებას ჩაბარდა.

26 წლის ლეიტენანტი მიშოვი, რომელიც სიზრანის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებლის კურსდამთავრებულია, მსახურობდა არმიის მე-15 საავიაციო ბრიგადაში, რომელიც ომის პირველივე დღიდან მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში. 2022 წლის შეჭრამდე ერთი თვით ადრე პილოტმა რაპორტი დაწერა სამხედრო სამსახურიდან წასვლის თხოვნით. მისი სამხედრო სამსახური ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაუქმდა. იანვარში პილოტს ფრონტზე წასვლა უბრძანეს. არც სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების მცდელობამ უშველა და არც იმან, რომ ვენები გადაიჭრა. მაშინ ლეიტენანტმა საზღვარგარეთ დამალვა გადაწყვიტა.

ლიეტუვაში მოხვედრის შემდეგ მიშოვმა BBC-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც თქვა, თუ როგორ და რატომ ცდილობდა ჯარის დატოვებას. მან განაცხადა, რომ უკრაინის ომს მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ჩადენილ დანაშაულად. მისი აზრით, ჯარი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ომისთვის და დღემდე არ აინტერესებს ის. „მე სამხედრო ვარ, მე უნდა დავიცვა ჩემი ქვეყანა აგრესიისგან. არ უნდა ვმონაწილეობდე, არ უნდა ვიყო დანაშაულის თანამონაწილე“, - ამბობს ოფიცერი. მისი თქმით, სამხედროებს არ სჯერათ კრემლის პროპაგანდისა და არ სჯერათ, რომ უკრაინაში ნაცისტები ბატონობენ ან რომ კიევი თავდასხმას ამზადებდა.

XS
SM
MD
LG