ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. სააგენტო „რესის" თანახმად, 32 წლის აცამაზ სლანოვი უკრაინის ქალაქ ვოლნოვახასთან ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომში მოხალისედ წავიდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა. სლანოვი ოკუპირებული ჯავის მცხოვრები იყო. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. დაღუპულის ახლობლები უკვე წავიდნენ უკრაინაში ცხედრის გადმოსასვენებლად.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე დაღუპული ჯარისკაცია, რომლებსაც ახლობლები გლოვობენ. 5 ივნისს დე ფაქტო რესპუბლიკაში უკრაინიდან გადაასვენეს კიდევ ერთი მებრძოლი გენრიხ კასაევი. იგი იანვრის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ დნმ-ის ანალიზის შემდეგ დადგინდა მისი ვინაობა და ცხინვალში გადაასვენეს. საინფორმაციო სააგენტო „რესის" ცნობით, კასაევი გამოცდილი მებრძოლი იყო, ის 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. 47 წლის კასაევი კონტრაქტით რუსეთის 58-ე არმიის მეოთხე ბაზაზე მსახურობდა და კონტრაქტის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა. ჰენრიხ კასაევი დე ფაქტო პრეზიდენტმა დაღუპვის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა.
ღია წყაროების ინფორმაციით, ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალიდან 29 მებრძოლია დაღუპული. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ატყობინებენ, რომ ორი ამდენია უგზო-უკვლოდ დაკარგული და ისინი დიდი ხანია ოჯახებთან კონტაქტზე აღარ გადიან.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში ორჯერ გაიწვიეს. ცალკე წავიდნენ მოხალისე მებრძოლები.
2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისეებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 მებრძოლს შეადგენს.