საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი დაძლევს „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს. როგორც მდინარაძემ თქვა, პრეზიდენტის შენიშვნები, ფაქტობრივად, ემთხვევა ოპოზიციისას.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად. კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა იმ გამოწვევების შესაბამისად ხორციელდებოდეს, რაზეც ხშირად არის ხოლმე საუბარი: დევალვაცია, ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული. საბოლოოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ.
ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტის მოტივაციაზე საუბარი არ სურს, რადგან ამით შეიძლება დაირღვეს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაში ასახული პირობა. დეპუტატი აცხადებს, რომ ასეთ საკითხებში მმართველი პარტია პრეზიდენტთან დისკუსიაში არ შედის, რადგან, მისი თქმით, დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, ეს სახელმწიფოსათვის სასარგებლო არ არის.
12 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს.
"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო თებერვალში დაადო.
"არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ეწერა პრეზიდენტის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ეს არის არჩილ მესტვირიშვილი.
კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორებმა ამ ცვლილების აუცილებლობა იმით დაასაბუთეს, რომ უშუალოდ კანონში არ წერია, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემთხვევაში, რომელი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მის მოვალეობას. თუმცა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საჯარო განხილვებზე სხვა მიზეზიც დაასახელა:
„ეს კეთდება იმიტომ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გაუგებრობა, საბოტაჟის მცდელობა და ქაოსი ამ ინსტიტუციაში“, - განაცხადა 8 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.