ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდებიან. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაუდასტურა. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა დღეს საღამოს მთავრობის ინიციატივით გაიმართება.
"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ საღამოს შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მან მიგვიწვია და ჩვენ შორის შეხვედრები რეგულარულია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, მთლიანად მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში შევდივართ - ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ", - თქვა ჰერჩინსკიმ.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მან 12 პირობა უნდა შეასრულოს.