Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ბოლო დღეებში პირველად დაადასტურა ორი დასახლებული პუნქტის აღება


ბლაგოდატნოე. კადრი 2023 წ. 11 ივნისს გავრცელებული ვიდეოდან.
ბლაგოდატნოე. კადრი 2023 წ. 11 ივნისს გავრცელებული ვიდეოდან.

ოლექსა დოვბუშის სახელობის უკრაინულმა 68-ე ეგერთა ბრიგადამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ადასტურებს უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ბლაგოდატნოეს დაკავებას.

ვიდეოში უკრაინელი სამხედროები დროშას ამაგრებენ დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულ შენობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.

საუბარია დონეცკის ოლქის სოფელ ბლაგოდატნოეზე უგლედარის მახლობლად, დაადასტურა ტავრიდის მიმართულების თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ვალერი შერშენმა. იქ, სოფელ ველიკაია ნოვოსელოვკის სამხრეთით, ბოლო დღეებში ბრძოლები მიმდინარეობს და, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ძალები უტევენ.

უკრაინელი სამხედროები და ოფიციალური პირები პრაქტიკულად არ აკეთებენ დეტალურად კომენტარს ბრძოლებზე, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ფრონტზე და რომლებიც, რუსეთის წარმომადგენლებისა და მრავალი კომენტატორის აზრით, უკრაინის ფართომასშტაბიანი შეტევის ერთ-ერთი ეტაპია. ბლაგოდატნოე პირველი დასახლებაა, რომლის გათავისუფლების შესახებაც ბოლო დღეებში ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინულმა მხარემ.

ასევე ვრცელდება ცნობები იმავე მიმართულებით კიდევ ერთი სოფლის - ნესკუჩნოეს აღების შესახებ.

უკრაინულ წყაროებზე უფრო აქტიურად - უკრაინული ძალების რეალურ თუ წარმოსახვით წარუმატებლობაზე აქცენტით - აშუქებენ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს რუსული ტელეგრამის არხები. ბევრმა მათგანმა დაადასტურა კვირას ნესკუჩნოესა და ბლაგოდატნოეს დაკარგვა. ამასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ დაცვის გარღვევაზე საუბარი არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს დაადასტურა, რომ მისი სამხედროები ჩაერთნენ „კონტრშეტევაში და თავდაცვით ოპერაციებში“. ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ კიევის დიდი ხნის ნანატრი მცდელობა ტერიტორიის დასაბრუნებლად უკვე დაწყებულია.

ამასთან, ზელენსკიმ არ გაამჟღავნა დეტალები და ჟურნალისტებს უთხრა, პუტინს გადასცენ, რომ უკრაინელი გენერლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

„უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, მაგრამ დეტალურად არ ვიტყვი, რა ეტაპზე არიან ისინი“, - თქვა ზელენსკიმ კიევში, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის გენერალურ შტაბს ოფიციალურად არ გამოუცხადებია ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადასვლა, რომლისთვის მზადებაც ბოლო თვეებში მიმდინარეობდა. ასევე ზელენსკის სიტყვებიდან არ გამომდინარეობს, რომ საუბარია სწორედ იერიშზე გადამწყვეტი მიზნებით და არა ტაქტიკურ შეტევით მანევრებზე.

XS
SM
MD
LG