Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში დრონებით მიიტანა იერიში მის გემზე


რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო გემი "პრიაზოვიე" ბოსფორის სრუტეში. სტამბოლი, 5 სექტემბერი, 2013.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო გემი "პრიაზოვიე" ბოსფორის სრუტეში. სტამბოლი, 5 სექტემბერი, 2013.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეზე“ შავ ზღვაში, ანექსირებული სევასტოპოლიდან 300 კილომეტრში. უწყების ცნობით, გემი „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენებს იცავდა. „პრიაზოვიე“ არ დაზიანებულა, აცხადებენ სამინისტროში.

რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დრონი უკრაინული წარწერით, რუსეთის გემის გემბანიდან დრონს ჭურვებს ესვრიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმის დროს შავი ზღვის ცენტრალური ნაწილის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ახორციელებდა დაზვერვას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 24 მაისს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის გემებზე თავდასხმის შესახებ. მაშინ უწყებამ უკრაინა დაადანაშაულა გემ „ივან ხურსზე“ თავდასხმაში.

კიევში გემებზე თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ წუხელ რუსეთის არმიამ კამიკაძე დრონებით, „შაჰედებით“, შეუტია სუმისა და ხარკოვის ოლქების ფრონტისპირა რაიონებს. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. სულ რამდენი დრონი გაგზავნა რუსეთის არმიამ, უცნობია.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ბოგოდუხოვის რაიონში იერიში მიიტანეს სამოქალაქო საწარმოზე. ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

სუმის ოლქში სამმა დრონმა განახორციელა იერიში ქალაქ ბელოპოლიეში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებმა დააზიანეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სასწავლო დაწესებულება. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 10 ივნისს უკრაინის არმიამ 170-ზე მეტი ჭურვი ესროლა რეგიონის დასახლებებს. მსხვერპლი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG