უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის არმიის შეტევა ხერსონის ოლქში.
გარდა ამისა, მალიარის თქმით, რუსეთი აპირებს გამოათავისუფლოს საჭირო რეზერვები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით გადასასროლად. ხერსონის ოლქიდან უკვე დაწყებულია რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების - საზღვაო ქვეითთა და საჰაერო-სადესანტო ჯარების - გადასროლა, დაწერა მინისტრის მოადგილემ ტელეგრამში.
მოსკოვს მალიარის შეტყობინებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთმა ადრე უარყო ყველა ბრალდება კაშხლის მიზანმიმართულ აფეთქებაში და უკრაინა დაადანაშაულა დივერსიაში. ამასთან, რუსეთის მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
უკრაინის გენერალურ შტაბს ოფიციალურად არ გაუკეთებია განცხადება ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ, რომლისთვის მზადებაც მიმდინარეობდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ომის მხარდამჭერი ბლოგერები აქტიურად აქვეყნებენ ბრძოლების დროს გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც ასახულია დაზიანებული სამხედრო ტექნიკა. ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი თვლის, რომ უკრაინის ჯარები შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ ზაპოროჟიეს რეგიონში და, როგორც ჩანს, ბრძოლებში ტექნიკას კარგავენ. მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი არ შეიძლება იყოს შეტევის წარმატების ან წარუმატებლობის მაჩვენებელი.
უკრაინელი სამხედროები კომენტარს არ აკეთებენ ზაპოროჟიეს მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ აცხადებენ, რომ შეტევა წარმატებით მიმდინარეობს ბახმუტთან, სადაც რუსეთის ჯარები თანდათან კარგავენ პოზიციებს ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით.