გერმანიაში გამომძიებლები იკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირები, რომლებმაც ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები, სავარაუდოდ, პოლონეთს იყენებდნენ ოპერატიულ ბაზად. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.
გამოძიება ცდილობს გაიგოს, თუ რატომ შევიდა იახტა "Andromeda", რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა, დანიის კუნძულზე მდებარე პორტიდან გასვლის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში, თქვეს გამოცემის წყაროებმა. მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იახტა პოლონეთის სანაპირომდე მივიდა თუ უბრალოდ მიუახლოვდა სხვა გემს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, გამომძიებლები იძიებენ, თუ რატომ დაიქირავეს იახტა ვარშავის ტურისტული სააგენტოს მეშვეობით, რომელიც შესაძლოა იყოს უკრაინის საკუთრებაში არსებული კომპანიების ქსელის ნაწილი, შესაძლოა, უკრაინის დაზვერვასთან კავშირებით.
პოლონეთმა უარყო ბრალდებები „ჩრდილოეთის ნაკადზე“ შესაძლო თავდასხმის თაობაზე. გერმანიის გამოცემის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ გამომძიებლებს არა აქვთ არანაირი მტკიცებულებები, რომლებიც აფეთქებებში ვარშავის მონაწილეობაზე მიუთითებს.
2022 წლის სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენების ოთხიდან სამი ხაზი დაზიანდა. შვედეთის, დანიისა და გერმანიის გამოძიებებმა აჩვენა, რომ გაზსადენები აფეთქდა, მაგრამ დამნაშავე ჯერ კიდევ დგინდება.
რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავარიით დაინტერესებული არიან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები.
რიგ დასავლურ მედიასაშუალებაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქებები შეიძლება ყოფილიყო ორგანიზებული პროუკრაინული ჯგუფის მიერ, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან. აფეთქებებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ არაერთ სხვა გამოცემაშიც საუბრობდნენ. ამერიკული მედია თავის მხრივ წერდა, რომ აშშ-ის დაზვერვას არ გააჩნდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ინციდენტთან რუსეთის შესაძლო კავშირზე.
ოფიციალურად, დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ ეს, რა თქმა უნდა, დივერსიაა, მაგრამ ვინ დგას ამის უკან, ჯერჯერობით უცნობია.
გაზეთმა The Washington Post-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზსადენზე თავდასხმა უკრაინელმა სამხედროებმა დაგეგმეს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის უშუალო ზედამხედველობით. კიევმა უარყო ეს ბრალდებები.