Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის ოლქში 27 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება


მოხალისეები ხერსონის ოლქში. 8 ივნისი, 2023.
მოხალისეები ხერსონის ოლქში. 8 ივნისი, 2023.

10 ივნისს სამხრეთ უკრაინის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ზოგან იმატა. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა და უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტომ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურში უკანასკნელი მოქმედი რეაქტორი გამორთო, რათა რისკი შეამციროს კახოვკის კაშხლის დანგრევით გამოწვეული წყალდიდობისა და უკრაინისა და რუსეთის ჯარებს შორის შეტაკებების გამწვავების პირობებში.

ამავე დროს უკრაინისა და რუსეთის ძალები განაგრძობენ ბრძოლებს აღმოსავლეთში, ბახმუტის მახლობლად, და სამხრეთში - ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც, მრავალი ანალიტიკოსის ვარაუდით, მიმდინარე კვირაში დაიწყო უკრაინის ჯარების კონტრშეტევა. წუხელ რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას.

უკრაინის ატომური ენერგეტიკის სააგენტო Energoatom-მა 10 ივნისს განაცხადა, რომ ორი დღის წინ მოახდინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსი რეაქტორიდან უკანასკნელის „ცივი გამორთვა“, რათა თავი გაართვან წყალდიდობით შექმნილ საფრთხეს და წყლის დონის ვარდნას ახლომდებარე კახოვკის წყალსაცავში.

გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი, მომავალ კვირაში გაემგზავრება უკრაინაში. ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 35 დასახლებული პუნქტი დაიტბორა, წყლით დაიფარა 3763 სახლი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქის დატბორილ რაიონებში 27 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

დონეცკის ოლქში უკრაინის სამხედრო სარდლობის სპიკერმა 10 ივნისს სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ კიევის ძალებმა ოკუპირებულ ქალაქ ბახმუტთან მდებარე ზოგიერთ მონაკვეთზე ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს წინ.

რადიო თავისუფლება დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს ცნობებს ყველაზე მწვავე ბრძოლების რაიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ.

XS
SM
MD
LG