„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ახალგაზრდებს, ვინც უნივერსიტეტის კიბეებზე რუსული რუბლი დაუყარა, „ყველანაირ ორიენტაცია არეულებს“ უწოდებს. კობახიძის თქმით, მმართველი პარტია ეცდება ამ „ახალგაზრდების გადარჩენას“.
„აქ არ იყვნენ სტუდენტები, ეს ერთი. იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი.
ეს ახალგაზრდები… რომელიც პარლამენტის წინ იდგა რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. არაფერ შუაში არ არის მისი სტუდენტობა ამ შემთხვევაში.
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა იყო, „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდა. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ.
მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ შორის ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დაჰყვება დაცვა სტუდენტებთან ლექციების ჩატარების დროს და გრძნობს თუ არა მათგან საფრთხეს, კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროტესტი არ გამოუთქვამთ სტუდენტებს, არამედ ახალგაზრდებს, რომლებიც „პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ აქციას აწყობდნენ“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების ორიენტაციაზე აკეთებს აქცენტს. მან ტერმინი ორიენტაციაარეული გამოიყენა ასევე მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მისამართით, რომელიც ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია. გრიგორიადისს გამოძიება პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას და საპატრულო პოლიციის მანქანის დაწვას ედავება.