Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: ტრამპი ჩანაწერში აღიარებს, რომ "საიდუმლო ინფორმაციას" გრიფი არ მოხსნა


დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2021 წელს ჩატარებული შეხვედრის ჩანაწერზე აღიარა, რომ დაიტოვა "საიდუმლო" სამხედრო ინფორმაცია, რომელსაც საიდუმლოს გრიფი არ მოხსნა - ამ ცნობას CNN-ი ავრცელებს, რომელმაც აუდიოჩანაწერის სტენოგრამა მოიპოვა.

"როგორც პრეზიდენტს, გრიფის მოხსნა შემეძლო, მაგრამ ახლა არ შემიძლია" - ამბობს ტრამპი, სტენოგრამის თანახმად.

CNN-ი წერს, რომ მოიპოვა სტენოგრამის ნაწილი შეხვედრიდან, რომელზეც ტრამპი განიხილავს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტს ირანზე თავდასხმის შესახებ. აუდიოჩანაწერში, რომელიც, CNN-ის თანახმად, მანამდე პროკურორებმა მოიპოვეს, ტრამპი ამბობს, რომ დოკუმენტს არ მოხსნა გრიფი "საიდუმლო".

ტრამპს ხუთშაბათს წაუყენეს ბრალდება შვიდი პუნქტით, საგანგებო პროკურორის, ჯეკ სმიტის ხელმძღვანელობით საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების ფარგლებში. ტრამპის ადვოკატმა ჯიმ ტრასტიმ ტელეკომპანია CNN-ს დაუდასტურა, რომ 7-პუნქტიანი ბრალდება მომდინარეობს კანონიდან შპიონაჟის შესახებ და ეხება შეთქმულებას, ცრუ განცხადებებს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას.

თუმცა, ბრალდების დეტალები საჯარო არ არის, და უცნობია, ის თუ მოიცავს 2021 წლის შეხვედრის ჩანაწერს. თუმცა, CNN-ი ჩანაწერის არსებობას მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან ის მოწმობს, რომ ტრამპს ესმოდა, რომ დოკუმენტებს, რომლებიც თეთრი სახლის დატოვების შემდეგ თავის ფლორიდის რეზიდენციაში ჰქონდა, კვლავ საიდუმლოს გრიფი ედო.

ტრამპი საჯაროდ აცხადებდა, რომ დოკუმენტებს, რომლებიც ფლორიდის სახლში წაიღო, საიდუმლოს გრიფი მოხსნილი ჰქონდა - და საგანგებო გამოძიებას უწოდებდა კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობას, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის წარმოებაში.

XS
SM
MD
LG