ბუქარესტმა მოსკოვს რუმინეთში საელჩოს პერსონალის 41 წევრით შემცირება მოსთხოვა. რუსეთის მისიის დიპლომატებისა და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს რუსეთში რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა რაოდენობას. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
მთლიანობაში, რუსეთს 50-ზე მეტი ადამიანით უნდა შეემცირებინა პერსონალი, მაგრამ რადგან ყველა თანამდებობა არ არის დაკავებული, რუმინეთს დატოვებს 11 დიპლომატი და ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის 29 თანამშრომელი. ეს შტატის ნახევარზე მეტია. მუშაობის შესაწყვეტად მათ 30 დღე მისცეს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიის პერსონალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება ასახავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი გააჩაღა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ შესაბამის პასუხს გასცემს რუმინეთის გადაწყვეტილებას.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ რუმინეთი შეუერთდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. გასულ წელს ბუქარესტმა რუსეთის რამდენიმე დიპლომატი გააძევა, ასევე რუსებისთვის ვიზების გაცემა შეზღუდა.
თებერვალში რუმინეთმა შეაჩერა ქვეყანაში რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრის, „რუსული სახლის“ მუშაობა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე განზრახ ამახინჯებს რეალობასა და ისტორიულ სიმართლეს, რათა გავლენა მოახდინოს რუმინეთში საზოგადოებრივ აზრზე. „რუსულმა სახლმა“ უარყო ბრალდებები და სინანული გამოთქვა ბუქარესტის გადაწყვეტილების გამო.