Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა ხერსონის დატბორილი რეგიონი დაბომბეს იქ ზელენსკის ჩასვლიდან მალე


ხერსონის დაბომბვა რუსეთის ჯარების მიერ. 8 ივნისი, 2023.
ხერსონის დაბომბვა რუსეთის ჯარების მიერ. 8 ივნისი, 2023.

რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს მას შემდეგ, რაც 8 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეგიონს, სადაც მაშველთა ჯგუფები მუშაობენ მდინარე დნეპრზე კაშხლის რღვევით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ათასობით ადამიანის გადასარჩენად.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რეგიონიდან იტყობინება, რომ ხერსონის კორაბელის რაიონში დაახლოებით 14 საათზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაისმა (თბილისის დროით 12:00). ამ დროს მაშველები რეზინის ნავებით აგრძელებდნენ ადამიანების ევაკუაციას, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული სტიქიის ზონა. მოსახლეობამ და მაშველებმა ერთ-ერთ მშრალად გადარჩენილ მონაკვეთზე მდებარე შენობებს შეაფარეს თავი.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსები ბომბავდნენ ხერსონის სანაპირო ზონებს და ქალაქ ხერსონის ცენტრს.

მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ აიძულა რუსეთის ჯარები, დნეპრიდან აღმოსავლეთით კიდევ უფრო ღრმად დაეხიათ უკან, ისინი განაგრძობდნენ მდინარის იმ ნაპირის დაბომბვას, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. ამის შესახებ 8 ივნისს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო აბრკოლებს წყალდიდობის შედეგად გადაადგილებული ნაღმები. უკრაინის არმიის ჯარისკაცმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის არტილერიის მთავარი სამიზნე იყო დატბორილი სარკინიგზო ხიდი.

XS
SM
MD
LG