Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაკდონალდსი“ და მისი ალტერნატივები არ გვჭირდება“ - გამოკითხვა აფხაზეთში


კაფე სოხუმის სანაპიროზე
კაფე სოხუმის სანაპიროზე

თუ კორპორაციისაგან ნებართვის აღება მოხერხდა, რუსული სწრაფი კვების ობიექტების ქსელი „ვკუსნო - ი ტოჩკა“ შეიძლება აფხაზეთშიც გაიხსნას. ამ კომპანიამ რუსეთში „მაკდონალდსი“ ჩაანაცვლა. აფხაზეთში ხალხს „მაკდონალდსი“ აკლია? რომელ სამზარეულოს ანიჭებენ ისინი უპირატესობას?

ლია: ეროვნული კერძებიც შემიძლია ვჭამო და „ფასტფუდიც“. „ფასტფუდი“ მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული ტიპის „ფასტფუდი“ მაკლია, მაგალითად, „მაკდონალდსის“. ვფიქრობ, ადგილობრივი „ფასტფუდებიც“ საკმაოდ კარგია. სულ ახალ-ახალი ჩნდება და ეს ძალიან მიხარია. ერთადერთი, იქნებ, სახელმწიფო დაეხმაროს იმ ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. კარგი იქნებოდა!

მათე ცხვიტარია, ახალგაზრდული ორგანიზაცია „Iqan“-ის ხელმძღვანელი: მეგობრებთან ერთად სადმე რომ მივდივარ, ვცდილობთ, ეროვნული სამზარეულოს კერძებიც ვჭამოთ და „ფასტფუდიც“. ბუნებრივია, მაინც ეროვნული სამზარეულო გვირჩევნია. ვფიქრობ, „მაკდონალდსი“ და მისი ალტერნატივები არ გვჭირდება. ჩვენთან ბევრი ადგილია, სადაც „ფასტფუდს“ ძალიან კარგად ამზადებენ. აფხაზეთში რომელიმე სხვა კომპანიის, რომელიმე ფრანშიზის შემოსვლა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე ძალიან იმოქმედებს. ამიტომ მგონია, რომ ამის საჭიროება არ არის. ჩემმა მეგობრებმა იციან ის ფრანშიზა, რომელზედაც ახლა საუბრობენ და ამბობენ, რომ ის ადგილობრივს არაფრით სჯობს. ჩვენ ფასების, ხარისხის, გემოს თვალსაზრისით ძალიან კონკურენტული ბაზარი გვაქვს. ამიტომ ამის საჭიროებას, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ.

ლიზა: ეროვნული სამზარეულო მირჩევნია, „მაკდონალდსის“ არ მომწონს, უგემურია. ჩვენი კავკასიური კერძები გემრიელიც არის და ნოყიერიც, თან ეს „ფასტფუდი“ არაა. ის უფრო ახლოსაა ჩემთან, ვიდრე „მაკდონალდსი“. ჩვენთან, რესტორნებში ძირითადად ეროვნული სამზარეულოც არის და ევროპულიც. ევროპული კერძებიც მომწონს, მაგრამ არა „მაკდონალდსი“. არჩევაზე რომ მიდგეს საქმე, სჯობს სალათი ჭამო, ვიდრე ბურგერი.

ვახტანგ უბირია: რა თქმა უნდა, ეროვნული სამზარეული მირჩევნია, ბევრი რამის გამო, უფრო ჯანსაღია, შემადგენლობა არის უკეთესი, ცილები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზმი გენეტიკურადაც ამ საჭმელს არის მიჩვეული. უფრო მეტად იმ რესტორნებში დავდივარ, სადაც ეროვნული სამზარეულოა, ფაცხებში. თვეში ერთხელ თავს შეიძლება უფლება მივცე და „ფასტფუდი“ ვჭამო. კარგი იქნებოდა, ასეთი ადგილები რომ იყოს, მაგრამ „ფასტფუდის“ ხშირად ჭამა არ ღირს. გემრიელი კია, მაგრამ ძალიან მავნეა, დიდი-დიდი კვირაში ერთხელ.

ნაალა: ეროვნული სამზარეულო მირჩევნია, უფრო სასარგებლოც არის და გემრიელიც. თან ალბათ მიჩვეულიც ვარ. „ფასტფუდი“ არ მომწონს, მავნეა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულებაა. არ მომწონს ეს საჭმელი, რაღაცნაირი ხელოვნურია, არაბუნებრივი.

ვიქტორია: ეროვნული სამზარეულო მირჩევნია. მაგრამ „ფასტფუდის“ რაციონიდან ამოღებას აზრი არ აქვს. ადამიანის ორგანიზმში ყველაფერი უნდა იყოს. „მაკდონალდსის“ გახსნის ნებას, რამდენადაც ვიცი, ფრანშიზა არ მოგვცემს, რადგან მოსახლეობის რაოდენობა ბევრი არაა. თან „ფასტფუდი“ ისეც ბევრი გვაქვს, ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ და ეგ იქნება. თუმცა, ახლაც ბევრი ისეთი ადგილია, სადაც გემრიელად შეჭამ.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG