Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ მოგერიებულ იერიშზე ლაპარაკობს, უკრაინელები - ლოკალურ ბრძოლებზე


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკი ბახმუტის მახლობლად. 8 მარტი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკი ბახმუტის მახლობლად. 8 მარტი, 2023.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ლოკალურ ბრძოლებში ზაპოროჟიეს მიმართულებით, რათა სამომავლოდ უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გავიდნენ. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა ტავრიდის მიმართულების თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ვალერი შერშენმა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ომის მომხრე რუსი ბლოგერები წუხელ ღამის შემდეგ იუწყებიან მძიმე ბრძოლებსა და უკრაინული მსხვილი სამხედრო ფორმირებების წინსვლაზე ქალაქ ორეხოვის სამხრეთით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ტოკმაკისკენ. ამბობენ, რომ უკრაინული ძალები მძიმე დანაკარგებს განიცდიან, მათ შორის ჯავშანტექნიკაში.

ხუთშაბათს ნაშუადღევს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამოაცხადა, რომ აღკვეთილია უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, გაერღვია რუსეთის თავდაცვა ზაპოროჟიეს მიმართულებით.

შოიგუს თქმით, „მტერი ოთხივე მიმართულებით შეჩერდა და დიდი დანაკარგებით დაიხია უკან“. რუსეთის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ 945 ადამიანი და 30-ზე მეტი ტანკი დაკარგა. შოიგუს ამჯერად არაფერი უთქვამს რუსეთის ძალებში დანაკარგებზე.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში შოიგუ უკვე მეორედ გამოვიდა განცხადებით უკრაინის თავდასხმის მოგერიების შესახებ. წინა ჯერზე მან დაასახელა უკრაინის დანაკარგების კიდევ უფრო შთამბეჭდავი რიცხვი - 3000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და ასობით ჯავშანმანქანა, მათ შორის რვა ტანკი Leopard-ი.

ჯერჯერობით არ მოიპოვება ასეთი მძიმე დანაკარგების ან თავად მსხვილი საიერიშო მოქმედებების რაიმე დადასტურება დამოუკიდებელი წყაროების მხრიდან. რუსული ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანს დაზიანებული მანქანები, სავარაუდოდ უკრაინული, მაგრამ უცნობია, სად და როდის არის გადაღებული კადრები. კერძოდ, არ არსებობს უკრაინის მიერ თუნდაც ერთი Leopard-ის დაკარგვის დოკუმენტური დადასტურება.

უკრაინის სამხედრო სარდლობა ჩვეულებრივ თავს იკავებს თავისი ჯარების აქტიური მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან. არაერთი კომენტატორი უკრაინული ძალების მიმდინარე ოპერაციებს ზაპოროჟიეს რეგიონში საბრძოლო დაზვერვას უწოდებს. აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში ძალიან რთულია მხარეთა განცხადებების დამოუკიდებლად დადასტურება.

ABC News-ი უკრაინის ხელისუფლების ორ ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინული შეტევა, რომლისთვის მზადებაზეც იყო საუბარი ბოლო თვეებში, უკვე დაწყებულია. ოფიციალურად უკრაინის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეტევის დაწყებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კერძოდ, თქვა, რომ როდესაც ის დაიწყება, „ამას ყველა დაინახავს“.

XS
SM
MD
LG