Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მხარეს მებრძოლი ეთნიკურად ქართველი, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდა


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან ახლოს, სავარაუდოდ, ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ეთნიკურად ქართველი. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 6 ივნისს, გავრცელდა. კერძოდ, ტელეგრამ-არხებზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ტყვეების აყვანიდან მალევეა გადაღებული. ვიდეოში უკრაინელი სამხედროები "ქართველს" ეკითხებიან, სად ცხოვრობს, რაზეც ის პასუხობს, რომ შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ტინდადანაა.

ამის შემდეგ ხარკოვის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ტელეგრამ- არხზე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ტყვეები თავიანთ ვინაობას ასახელებენ. ერთ-ერთი მათგანი თავს წარადგენს, როგორც ბახტურიძე ნოდარ გიორგიევიჩი, ამურის ოლქის ქალაქ ტინდადან.

არსებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, უკრაინელებმა რვა ადამიანი აიყვანეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვეტერანებში“ მსახურობდა.

რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზამ სოციალურ ქსელში იპოვა პროფილი, რომელიც, სავარაუდოდ, ნოდარ ბახტურიძეს ეკუთვნის. პროფილზე მითითებულია, რომ მან საშუალო სკოლა სოფელ ნუკრიანში დაამთავრა და სიღნაღში ცხოვრობდა. უცნობია, არის თუ არა ბახტურიძე საქართველოს მოქალაქე.

სოციალურ ქსელში ტყვეების პირველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვარაუდი, რომ ქართველი ტყვე გივი ვანიშვილია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარეს იბრძოდა. ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. ვანიშვილი არის არასამთავრობო ორგანიზაციის, „მებრძოლთა კავშირი ერთიანი საქართველოსთვის“, აღმასრულებელი მდივანი და "ევრაზიის ინსტიტუტის" პროექტების მონაწილე.

მედიის ინფორმაციით, გივი ვანიშვილი ეროვნულ გვარდიაში, შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებში მსახურობდა. მოგვიანებით იგი ერთ-ერთი სარეზერვო ბატალიონის მეთაური გახდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს მან უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რის გამოც გაასამართლეს, მაგრამ 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იგი „პოლიტპატიმრის“ სტატუსით გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG