Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველაფრის სააკაშვილთან დაკავშირება არ არის სწორი" - ციხე ახალ საავადმყოფოს აშენებს


გლდანის პენიტენციური დაწესებულება
გლდანის პენიტენციური დაწესებულება

ე.წ. ციხის საავადმყოფოს, იგივე მე-18 პენიტენციური დაწესებულების "სრული განახლება" იგეგმება. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ბოლო ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში წერია, რომ დაგეგმილია ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებისთვის ახალი კორპუსის აშენება:

"მუშავდება №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების გაძლიერების საკითხი და მისი სრული განახლება, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სამედიცინო პერსონალის რაოდენობის გაზრდის კუთხით".

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ გაიზრდება სამედიცინო დახმარების ხარისხი. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პატიმარი პაციენტების ნაწილი კვლავ მოხვდება კერძო კლინიკებში, როგორც ეს ახლა ხდება.

"ეს დარჩება - [პატიმრის] სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა... ისევ იქნება ეს ვარიანტი, ერთი მეორეს არ გამორიცხავს", - ამბობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის კლინიკა პატიმრებისთვის ამბულატორიული მომსახურების ნახევარზე მეტს საკუთარი რესურსით გაუმკლავდება, "სტაციონარულ შემთხვევაში [ეს რესურსი] უფრო მოკრძალებული იქნება".

რადიო თავისუფლებამ ურთქმელიძეს ასევე ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება კლინიკის განახლების გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც ახლა "ვივამედში" მკურნალობს - იუსტიციის მინისტრმა 12 მაისს თქვა, რომ "როდესაც გვექნება შესაბამისი [ექიმების] დასკვნა, ის [მიხეილ სააკაშვილი] გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში".

"თქვენ თუ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებთ, ეს მიდგომა არ არის სწორი... ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება იყოს მაღალი", - თქვა მალხაზ ურთქმელიძემ.

როდის დაიწყება პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დაწესებულების განახლება-მშენებლობა, მთავრობის ანგარიშში დაზუსტებული არ არის.

პატიმრების მკურნალობასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის პრაქტიკაზე რადიო თავისუფლებამ საჯარო ინფორმაცია 2021 წლის ნოემბერში გამოითხოვა - პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია არ გასცა. რამდენიმე დღით მაშინ გადაიყვანეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. გლდანის ციხის საავადმყოფოში.

სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ მიიტანეს დაწესებულებაში მაგნიტური ტომოგრაფიის, ე.წ. კატეს აპარატი - ექსპრეზიდენტის ადვოკატები ამბობდნენ, რომ კლინიკის გადაიარაღება ხდებოდა, რათა სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაეყვანათ. სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა საჭირო აღჭურვილობა. იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსა.

XS
SM
MD
LG