Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭომ კარა-მურზას დევნისთვის სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს, რომლებიც მონაწილეობდნენ ვლადიმირ კარა-მურზას სისხლისსამართლებრივ დევნასა და უფლებების დარღვევაში.

შეზღუდვები დაუწესდათ რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ოლეგ სვირიდენკოს, გამომძიებლებს, დენის კოლესნიკოვს და ანდრეი ზადაჩინს, არაკომერციული ორგანიზაცია "დამოუკიდებელი ექსპერტის" დირექტორს, დანილა მიხეევს.

სანქციების სიაში ასევე არიან ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა მიშჩენკო, ბასმანის სასამართლოს მოსამართლე ელენა ლენსკაია, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ილია კოზლოვი და სერგეი პოდოპრიგოროვი და მე-5 საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი დმიტრი კომნოვი.

სიაში შეყვანილი პირების ქონება გაყინვას ექვემდებარება, მათ ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.

„სანქციების შესახებ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე პოზიციას, სოლიდარული იყოს ყველას მიმართ, ვისაც დევნიან, აპატიმრებენ ან აშინებენ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისა და სიმართლის თქმისთვის“, - განაცხადა 5 ივნისს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა.

ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას - რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს - აპრილში მოსკოვის სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამშობლოს ღალატის და სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც თავად ჟურნალისტი უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა მისი გათავისუფლების მოწოდებები.

კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს, როცა უცხოეთიდან რუსეთში დაბრუნდა. ის ერთ-ერთია ოპოზიციის აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სხვა პირებს შორის, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაზე კრემლის მზარდი ზეწოლის პირობებში დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG