4 ივნისს ახალი შეტაკებები მოხდა უკრაინის საზღვართან, რუსეთის მხარეს - იმ ფონზე, როცა კრემლის მოწინააღმდეგე მებრძოლები აცხადებენ, რომ დაატყვევეს რამდენიმე რუსი ჯარისკაცი და ისინი კიევს გადასცეს, რადგან ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი არ გამოცხადდა პატიმართა გაცვლის თაობაზე დანიშნულ მოლაპარაკებებზე.
რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა აღიარა, რომ უკრაინის მოსაზღვრე ამ რეგიონში ბრძოლა მიმდინარეობს და რომ რამდენიმე ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს უკრაინის მომხრე რუსმა მებრძოლებმა.
უფრო ადრე გლადკოვი აცხადებდა, რომ პატიმართა გაცვლის საკითხზე ამ მებრძოლებს საზღვართან ახლოს შეხვდებოდა - იგი გამოდიოდა მათი უსაფრთხოების გარანტიით. მაგრამ კრემლის მოწინააღმდეგე მებრძოლების თანახმად, გუბერნატორი შეხვედრაზე არ მივიდა და მათ ტყვეები უკრაინის მთავრობას გადასცეს.
ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
თვითგამოცხადებულმა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა (RVC) ტელეგრამით გაავრცელა ზემოთ მოტანილი შინაარსის განცხადება და ატვირთა ვიდეო, რომელზეც, როგორც ჩანდა, ასახული იყო ტყვედ აყვანილი 10-12 რუსი სამხედრო, ორი მათგანი საავადმყოფოს საწოლებზე იწვა.
ორი კვირის წინ RVC-მა და კიდევ ერთმა ჯგუფმა, "თავისუფალი რუსეთის ლეგიონმა", საზღვარი გადაკვეთეს და ბელგოროდის რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში რუსეთის ძალებს თავს დაესხნენ. უკრაინა უარყოფს, რომ ამ შეტევების უკან ის იდგა.
გლადკოვი ახალ შეტაკებებში "საბოტაჟის ჯგუფებს" ადანაშაულებს და იმედს გამთქვამს, რომ "მათ გაანადგურებენ". გლადკოვს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს ცნობაზე, რომ ის დანიშნულ შეხვედრაზე არ გამოცხადდა.