არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ბათუმში 3 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას, „ბანერების გაშლის გამო.“ დაკავებულ ექვს პირს შორის ორი არასრულწლოვანი იყო.
„შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“, - წერია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კირთაძემ უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“, ბათუმში გამართულ აქციაზე მოქალაქეები დააკავეს წარწერისთვის Говорит Москва! ეს სიტყვები მანამდე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან მიმართებით ევროპარლამენტარმა გამოიყენა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შს სამინისტროს, „შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება, გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული!“.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ 2 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ, „მსგავსი შინაარსის ბანერების გამო“ მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე დააკავეს, რომლებიც თბილისიდან თელავის, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.
„შსს-ს ამ დრომდე, დაკავებულთა რეგიონალურ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით რაიმე განმარტება არ გაუკეთებია, რაც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკავებულებს დაუსაბუთებლად, დაკავების ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივდათ“, - ნათქვამია ტექსტში.
თბილისში დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტმა ვანო ჩიტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „კანონით, წინასწარი დაკავების ვადაა მაქსიმუმ 24 საათი, მაგრამ შს სამინისტროს შეუძლია, რომ წინასწარი დაკავების ვადა 24 საათიდან 48 საათამდე გაზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს დრო მტკიცებულებების მოპოვებისთვის სჭირდება“. თუმცა ადვოკატი მსგავს საჭიროებას ახლა ვერ ხედავს და შესაბამისად, ვადის გახანგრძლივებას უკანონოდ თვლის.
ვანო ჩიტაშვილი და სხვა ადვოკატები ვარაუდობენ, რომ 48-საათიანი ვადა 4 ივნისს 23:00-დან 00:00 საათამდე ამოიწურება. „ამ ვადაში უნდა გაიმართოს სასამართლო, ანდა უნდა მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება“, - აღნიშნავს ჩიტაშვილი.