Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი "გლობალურ კატასტროფაზე" საუბრობს, აშშ-სთან კონფლიქტის შემთხვევაში


ლი შანფუ, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი
ლი შანფუ, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანფუმ სინგაპურში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიზანია, აშშ-სთან დიალოგი აწარმოოს. ვაშინგტონთან ღია კონფლიქტის გაჩაღების შესაძლებლობას მან უწოდა "გაუსაძლისი კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის".

"შანგრი-ლას დიალოგის" სახელით ცნობილ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ლი შანფუმ თქვა, რომ აშშ-ის და ჩინეთის სისტემებს შორის ბევრი განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნებმა უნდა გამონახონ საერთო ინტერესები, რასაც თანამშრომლობა დაეფუძნება. ამავე დროს, ლიმ აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებში.

მინისტრის თქმით, კვირას, დილით, ჩინეთის საბრძოლო ხომალდი კინაღამ შეეჯახა ამერიკულს, რომელიც მონაწილეობდა ტაივანის სრუტეში კანადასთან ერთად მიმდინარე წვრთნებში. მინისტრმა ამ წყლებში აშშ-ის და კანადის ყოფნას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ თუ აშშ-ს კონფლიქტის დაძაბვა არ სურს, მან ჩინეთის ინტერესთა ზონიდან უნდა გაიყვანოს თავისი საბრძოლო ხომალდები.

ლი შანფუსთვის ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას მერე, რაც მარტში მუშაობა დაიწყო ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე. რამდენიმე დღით ადრე მან უარი განაცხადა პირდაპირი მოლაპარაკებისთვის შეხვედროდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს.

ოსტინმა, ამავე სამიტზე გამოსვლისას, შაბათს აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის. თუმცა, ოსტინის თქმით, ამგვარი კონფლიქტი არ არის გარდაუვალი.

XS
SM
MD
LG