Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ECHR-მა ნავალნის მოწამვლის საქმის თაობაზე პირველი მოსმენა დანიშნა


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 6 ივნისს დანიშნა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის თაობაზე პირველი მოსმენა. ნავალნიმ, რომელიც რუსეთის კოლონიაში იხდის საჯელს, რუსეთის ხელისუფლების უმოქმედობის გამო იჩივლა ECHR-ში. მან და მისმა თანამოაზრეებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს.

სასამართლო არკვევს, დაირღვა თუ არა ნავალნის სიცოცხლის უფლება და ამოიწურა თუ არა მის ქვეყანაში სამართლიანობის მიღწევის ყველა შესაძლებლობა.

ევროსასამართლო საქმის გარემოებებს არსებითად არ იძიებს, ის გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების კანონიერების ან უმოქმედობის შესახებ.

ალექსეი ნავალნიმ 2020 წლის 20 აგვისტოს გონება დაკარგა ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში. ომსკში საგანგებო დაშვების შემდეგ პოლიტიკოსი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. რამდენიმე დღის შემდეგ ნავალნის ოჯახმა და თანამოაზრეებმა მოახერხეს მისი სამკურნალოდ გადაყვანა ბერლინის კლინიკაში.

გერმანელმა ექიმებმა ნავალნის სისხლში აღმოაჩინეს „ნოვიჩოკის“ ტიპის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ქიმიურ იარაღს განეკუთვნება. ეს დასკვნა შემდეგ დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულმა რამდენიმე ლაბორატორიამ. რუსული მხარე ნავალნის შესაძლო მოწამვლას უარყოფს.

2020 წლის დეკემბერში, Bellingcat-მა, The Insider-მა, CNN-მა და Der Spiegel-მა გამოაქვეყნეს გამოძიების შედეგები. მასში ნათქვამია, რომ ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა ფსბ-ს ოფიცრების სპეციალური ჯგუფი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს ოპოზიციონერს. გამომძიებლებმა შეძლეს დამნაშავეთა და პასუხისმგებელი პირების ვინაობის დადგენა. საგამოძიებო კომიტეტმა მათი პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა უგულებელყო.

2022 წლის მარტში, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსეთი გააძევეს ევროსაბჭოდან. 16 სექტემბერს მან ოფიციალურად შეწყვიტა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრობა და აღარ ახორციელებს ECHR-ის გადაწყვეტილებებს.

XS
SM
MD
LG