Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ განაცხადა მოკავშირეების მხარდაჭერაზე ავიაგამანადგურებლის საკითხში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე. 1 ივნისი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე. 1 ივნისი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლდოვაში გამართულ სამიტზე მისი ქვეყნის მოკავშირეებმა გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე რუსეთთან ომში.

ზელენსკიმ ეს თქვა პრესკონფერენციაზე 1 ივნისს, კიშინიოვში 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერის შეხვედრის შემდეგ, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს უკრაინისთვის დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებას. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიმდინარე სამიტი ადასტურებს კონტინენტის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაბრუნდეს მშვიდობა ევროპაში. სანდუმ სიმბოლური უწოდა ასეთი მაღალი დონის შეხვედრის გამართვას მოლდოვაში, უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც ოცი კილომეტრში.

სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მოლდოვა მადლიერია უკრაინისა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას და ამით იცავს თავის მეზობლებსაც. „დღეს უკრაინა უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებას და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ამისთვის“, - განაცხადა მაია სანდუმ, რომელსაც მოლაპარაკება ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინის პრეზიდენტმა სანდუსთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მეზობელი მოლდოვისთვისაც - რუსეთისა და მისი აგრესიის გამო უკრაინაში, ასევე პოტენციური აგრესიის გამო ევროპის სხვა ნაწილების მიმართ. ზელენსკის ეს ნათქვამი რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს მოჰყავს.

სამიტზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2023 წელი არის გადაწყვეტილებების წელი და გამოვიდა მოწოდებით, ნატოს სამიტზე, ვილნიუსში "უკრაინას წევრობისთვის მკაფიო მოწვევა" გაუგზავნონ და ალიანსთან შეერთების გზაზე ქვეყანას ასევე მისცენ უსაფრთხოების გარანტიები.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მას სურს იხილოს პროგრესი ევროკავშირში თავისი ქვეყნის გაწევრიანების მიმართულებით. კიევმა შესაბამისი განცხადება გასულ წელს შეიტანა, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ.

ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების მიცემის შესაძლებლობას აშშ-ის ისრაელთან თანამშრომლობის მაგალითზე განიხილავენ. ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალიანსის კარი კიევისთვის ღიაა, მაგრამ უკრაინის მასში შესვლა ძნელადაა შესაძლებელი, სანამ რუსეთთან ომი გრძელდება.

1 ივნისს მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა. ეს არის ახალი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. მის მუშაობაში მონაწილეობს ევროპის ყველა ქვეყანა, ასევე - თურქეთი და საქართველო, მათთან ერთად - სომხეთი და აზერბაიჯანი. მოლდოვა ორგანიზაციის ისტორიაში მეორე სამიტს მასპინძლობს.

XS
SM
MD
LG