Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო "უსაფრთხოების გარანტიებს" განიხილავს უკრაინისთვის


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 1 ივნისი, 2023 წელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 1 ივნისი, 2023 წელი

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 1 ივნისს ოსლოში განიხილეს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უკრაინისთვის, რუსეთთან ომის დამთავრების შემდეგ. ამავე დროს ალიანსი ცდილობს გადალახოს აზრთა სხვადასხვაობა ნატოში კიევის გაწევრიანების გარშემო.

ხუთ კვირაში ლიეტუვის დედაქალაქში ნატოს სამიტი გაიმართება, საკვანძო საკითხებზე კი განხეთქილებებია. მათ შორის მთავარია კიევის სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, ორგანიზაციაში, რომელიც გადაწყვეტილებების მისაღებად კონსენსუსს ანუ ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც მხარს უჭერენ ნატოს ქვეყნები, მოუწოდა "მკაფიო გზავნილისკენ“, რომ კიევი ნატოში გაწევრიანდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება რუსეთთან ომი. ნატოს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ყველა წევრი თანახმაა, დაიცვას 2008 წლის დაპირება, რომ უკრაინა ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება. მაგრამ დიპლომატები ნატოს ქვეყნებიდან ამბობენ, რომ მათ რიგებში დომინანტ სამხედრო ძალას, შეერთებულ შტატებს, არ აქვს სურვილი, წავიდეს ამ ბუნდოვანი დაპირებების იქით.

ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ უკრაინას შეეხება ალიანსის წესდების კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა წევრს, მასზე თავდასხმის შემთხვევაში ის დაიცვას.

"ჩვენ არ ვიცით, როდის დამთავრდება ომი, მაგრამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ გვქონდეს საიმედო დაპირებები, რათა მომავალში უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა ოსლოს მოლაპარაკებების შემდეგ. მისი თქმით, "დეტალები, თუ როგორ გაკეთდება ეს, როგორი მექანიზმებით, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია".

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს მხარი დაუჭირა "უსაფრთხოების სფეროში მტკიცე და საიმედო გარანტიებს" უკრაინისთვის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ორიენტირებულია კიევის პოტენციალის გაძლიერებაზე, "რომ თუ და როცა ეს მიმდინარე აგრესია დამთავრდება, უკრაინას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, შეაკავოს და საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას მომავალი აგრესიისგან". "ჩვენ, რა თქმა უნდა, უშუალოდ უკრაინასთან ვიყავით ჩართული ამ დისკუსიებში, ასევე იყვნენ სხვა ქვეყნებიც", - თქვა მან.

ათწლიანი პროგრამა, რომლის გატანასაც სტოლტენბერგი ცდილობს, წელიწადში 500 მილიონ ევროს ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროებისთვის, დასავლურ სტანდარტებზე გადასვლაში დასახმარებლად. ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტი ვილნიუსში მიმართული იქნება ორგანიზაციის პოლიტიკური კავშირების გაძლიერებისკენ უკრაინასთან და მის ძალებს უფრო "ურთიერთთავსებადს" გახდის მოკავშირეებთან.

XS
SM
MD
LG