Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტებზე ძალადობის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდეს


თელავის რაიონული სასამართლო. იმედა ცისკარაულის პროცესი
თელავის რაიონული სასამართლო. იმედა ცისკარაულის პროცესი

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, იმედა ცისკარაულს. ის 31 მაისს დააკავეს.

იმედა ცისკარაულის ადვოკატი რუსუდან აგურაშვილი სასამართლოს გირაოს (10 000 ლარის) გამოყენებას სთხოვდა. პროკურორებმა კი ბრალდებულის პატიმრობის მოთხოვნით დააყენეს შუამდგომლობა, რასაც შესაძლო მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხით ასაბუთებდნენ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. თავად ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, თუმცა გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო პროცესზე მხოლოდ მოსამართლის შეკითხვებს უპასუხა.

გამოძიების ვერსიით, ცისკარაული დაკავებულია დედოფლისწყაროში მდებარე ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ცისკარაული მიმდინარე წლის 28 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ, ქვეითად პატრულირებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არარსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა, რის შედეგადაც არავინ დაზიანებულა.

ბრალდებული იმედა ცისკარაული
ბრალდებული იმედა ცისკარაული

შემთხვევის შესახებ ფეისბუკში ერთ-ერთმა ტურისტმა დაწერა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. „ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელარუსი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო და უთხრა - უიი გასაღები არ მქონიაო. შემდეგ დავარდნილი პომიდვრის აღება უბრძანა, იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით. კარვებს შორის გაიარა ტყვიამ... ხალხო, შოკში ვარ! ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ახლაც კი თვალწინ მაქვს", - ასე იხსენებდა 28 მაისის ღამეს ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას ნანუკა ავალიანი.

პროკურატურამ ცისკარაულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG