Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯორჯიან ეარვეისისა“ და თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს უკრაინული პორტალი „ომი და სანქციები"


„ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი
„ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი პორტალი „ომი და სანქციები“ ქართული ავიაკომპანიის, „ჯორჯიან ეარვეისისა“ და მისი პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ვებსაიტზე ანალოგიური მოთხოვნაა კომპანიის დირექტორის (თამაზ გაიაშვილის ძმის), დავით გაიაშვილის მიმართაც. გარდა ამისა, პორტალი მოითხოვს სანქცირებულთა სიაში შეიყვანონ პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia).

„ომი და სანქციები“ განმარტავს, რომ 20 მაისს ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მიიღო თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის ნებართვა და დაიწყო ფრენები რუსეთში, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ცალმხრივად აღდგენის შედეგად მოხდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით (2023 წლის 10.05.2023) გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის 4-წლიანი აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული სავიზო შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 2000 წლიდან.

„ჯორჯიან ეარვეისი" უკრაინული პორტალზე „ომი და სანქციები"
„ჯორჯიან ეარვეისი" უკრაინული პორტალზე „ომი და სანქციები"

როგორც პორტალი აღნიშნავს, „ჯორჯიან ეარვეისის“ საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებას და გამარტივებას, მათ შორის საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების ფორმირების რისკების და ინტეგრაციის ზრდას.

„ომი და სანქციები“ აღნიშნავს, რომ „თამაზ გაიაშვილი ბიძინა ივანიშვილის კაცად არის პოზიციონირებული“.

„ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი უკრაინულ პორტალზე „ომი და სანქციები"
„ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი უკრაინულ პორტალზე „ომი და სანქციები"

ამავდროულად, ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ თავისი დამფუძნებლებისა და მენეჯერების მეშვეობით დაკავშირებულია კომპანია „აერო ჰენდლინგ ჯორჯიასთან."

კომპანია „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ უკრაინულ პორტალზე „ომი და სანქციები"
კომპანია „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ უკრაინულ პორტალზე „ომი და სანქციები"

უკრაინული პორტალი აღნიშნავს, რომ შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია" მომსახურებას უწევს „ჯორჯიან ეარვეისს“, ასევე უკრაინის სანქციის ქვეშ მყოფ რუსულ ავიახაზებს, კერძოდ, Red Wings-სა და „აზიმუტს“. როგორც ვებსაიტზეა ნათქვამი, მითითებული რუსული ავიახაზები რეგულარულად დაფრინავენ ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავის ეკიპაჟი არღვევენ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის პროცედურას, რისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“.

„ომი და სანქციების" ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ ბრიფინგი გამართა პარტია „დროას" წევრმა გიგა ლემონჯავამ.

„პოლიტიკური პარტია „დროა“ თითქმის ერთი წელია მუშაობს საერთაშორისო სანქციების თემაზე. ჩვენი ამოცანაა, არ დაზარალდეს ამ პროცესში სახელმწიფო, თავიდან ავირიდოთ სექტორული სანქციები, მაგრამ დასანქცირდნენ პერსონალურად ის ადამიანები და იურიდიული კომპანიები, რომლებიც ზიანს აყენებენ საქართველოს", - განაცხადა მან.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG