ბულგარეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 27 წლის რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრ სტოცკის, უარი უთხრა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიქცა რუსეთიდან. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას სამშობლოში არაფერი ემუქრება, იუწყება რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური.
სტოცკი განათლებით სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლების მასწავლებელია, ის კურიერად მუშაობდა. რუსეთში სტოცკი, როგორც იტყობინებიან, მონაწილეობდა ოპოზიციის საპროტესტო აქციებში და იყო არჩევნების დამკვირვებელი. სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე მან უწყება მიიღო სამხედრო შეკრებაზე გამოცხადებისთვის.
ბულგარეთში ჩასვლისთანავე მან სოფიაში რუსეთის საელჩოსთან პიკეტი მოაწყო წარწერით „შეწყდეს ომი“, იუწყება რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში და მოხალისედ მუშაობდა ლტოლვილების დასახმარებლად.
სტოცკიმ თავშესაფარი მოითხოვა, რადგან მიიჩნია, რომ მისთვის საშიშია სახლში დაბრუნება. მაგრამ ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტომ გადაწყვიტა, რომ მას მოსკოვში არაფერი ემუქრება. შეჭრაში მონაწილე ჯარში გაწვევის ალბათობა სააგენტომ უმნიშვნელოდ მიიჩნია.
გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ჯერ სოფიის ადმინისტრაციულმა სასამართლომ, ახლა კი უმაღლესმა სასამართლომ. სასამართლომ განაცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის ხელისუფლება მასობრივ რეპრესიებს ახორციელებს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პრეზიდენტის პოლიტიკის გამო. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ თავად რუსეთში ყოფნის ფაქტი აქტივისტს საფრთხეს არ უქმნის.
აღნიშნავენ, რომ სტოცკის პოლიციასთან და ხელისუფლებასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ის არ დაუკავებიათ, არ დაუპატიმრებიათ, არ გაუსამართლებიათ, მის მიმართ არ განხორციელებულა მუქარა ან ფიზიკური ძალადობა. ბულგარეთში სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვის პროცესში რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო მისთვის თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით.