Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია "ლაგუნა ვერესთან" ორი ცათამბჯენის მშენებლობის განახლებულ პროექტს განიხილავს


"ლაგუნა ვერესთან" დაგეგმილი მშენებლობის განახლებული რენდერი
"ლაგუნა ვერესთან" დაგეგმილი მშენებლობის განახლებული რენდერი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო "ლაგუნა ვერესთან" ორი ცათამბჯენის მშენებლობის განახლებულ პროექტს განიხილავს.

როგორც სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, განახლებული პროექტი მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში 5 მაისს შევიდა.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა თბილისში, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო კვანძთან, გმირთა მოედანთან იგეგმება. ცათამბჯენების, სავაჭრო ცენტრების მშენებლობის დამკვეთი არის ფონდ “ქართუს” კომპანია "შპს კოსტავა 69".

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ თავდაპირველი პროექტი მარტის შუა რიცხვებში დაახარვეზა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, განახლებული პროექტი განხილვის სტადიაშია და დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი ვერ გაკეთდება:

„მარტში, შუალედური დასკვნის თანახმად, პროექტი დახარვეზდა. როდის დასრულდება განხილვის პროცესი, ჯერ არ ვიცით, რადგან, შესაძლოა, ეს პროექტიც დახარვეზდეს. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, ბევრი კომპონენტისგან შედგება და არ არის გამორიცხული, გარკვეულ ნაწილში კვლავ გამოიკვეთოს ხარვეზები“.

განახლებული პროექტის ფოტორენდერი 30 მაისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ანანო ცინცაბაძემ, „ღია საზოგადოების ფონდის“ პროგრამის მენეჯერმა. ცათამბჯენების განახლებული პროექტის შესახებ საჯარო ინფორმაცია მან მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსგან მაისის დასაწყისში გამოითხოვა და პასუხი დღეს, 30 მაისს, მიიღო.

ანანო ცინცაბაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ განახლებული პროექტი მინიმალურ ცვლილებებს მოიცავს. პროექტში შესულია ცვლილება ისტორიული მემკვიდრეობის საკითხის კვლევაში:

„ეს არის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში დაგეგმილი მშენებლობა. შესაბამისად, კვლევის წარმოდგენა, რომ ამ ზონაში დასაშვებია ასეთი მშენებლობა, აუცილებელია. წინა კვლევაში მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ ამგვარი ტიპის სასიმაღლო განაშენიანების დაშვება ამ ტერიტორიაზე მიუღებელი იყო, რადგან ტერიტორია ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონას წარმოადგენს. ამჟამინდელ კვლევაში კი ამ ჩანაწერთან ერთად მითითებულია, რომ მისაღებია გარკვეული ტიპის დათმობა, თუკი განაშენიანება შესაბამისობაში მოვა ლანდშაფტთან. ანუ ეს, მეორე ნაწილი, რბილად, ბუნდოვანი წინადადების საშუალებით, მწვანე სინათლეს უნთებს მშენებლობას. ჩვენი საჯარო კრიტიკის საგანი სწორედ ის იყო, რომ ისტორიული მემკვიდრეობის საკითხის კვლევაც კი კრძალავდა ამ ტიპის მშენებლობას, თუმცა ახლა უკვე ამ კვლევაში გაჩნდა ცვლილება. აქვე მითითებულია, რომ მშენებლობის შემთხვევაში, უბანს არ უნდა დაეფაროს სასიმაღლო ხედები“.

ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ ფოტოებზე, რომლებიც მან მერიიდან მიიღო, წინა პროექტისგან განსხვავებით, ორი ცათამბჯენი ერთმანეთისგან მეტადაა დაშორებული:

„წინა პროექტით ეს შენობები ძალიან ახლოს იდგა ერთმანეთთან და როგორც ჩანს, ახლა ამბობენ, რომ, აი, შენობებს შორის გაჩნდა დაშორება და ეს სივრცე მისცემს მათ საშუალებას, რომ მთაწმინდის ხედი არ დაიფაროს“.

ანანო ცინცაბაძის თქმით, პროექტით მოთხოვნილია მაქსიმუმ 52-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა.

იანვრის ბოლოს, როდესაც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია „ლაგუნა ვერესთან“ ცათამბჯენების მშენებლობის პერსპექტივის შესახებ, ქალაქგეგმარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა თბილისის მთავრობასა და საკრებულოს მიმართეს, არ დაუშვათ ქალაქის ცენტრში ცათამბჯენების მშენებლობა.

მათ მიაჩნიათ, რომ პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს და რომ ეს პროექტი შეუთავსებელია "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონთან, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმა.

XS
SM
MD
LG