Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: მოსკოვზე დრონებით იერიში პასუხი იყო უკრაინის დაზვერვის შენობის დაბომბვაზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 26 მაისი, 2023.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 26 მაისი, 2023.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, ეს დარტყმა იყო პასუხი უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე თავდასხმაზე. კიევი უარყოფს, რომ დარტყმა განახორციელა მოსკოვზე.

პრეზიდენტის სიტყვები სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. მოსკოვი პირველად აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ თავს დაესხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შტაბს. კიევს მსგავსი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსეთზე თავდასხმების შესახებ თითქმის მაშინვე, როცა ისინი მოხდა. მან განაცხადა, რომ კიევი განზრახ დაესხა თავს სამოქალაქო ობიექტებს და ამას ტერორიზმი უწოდა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვში საცხოვრებელ შენობებს მოხვდა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს. აქედან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ისინი შესაძლოა შემთხვევით მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.

პუტინმა თქვა, რომ მოსკოვზე დარტყმით რუსეთს „სარკისებრი ქმედებებისკენ უბიძგებენ“. რა ქმედებებზეა ლაპარაკი, მას არ დაუკონკრეტებია. რუსეთის არმია კიევს შარშან თებერვალში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე უტევს, მხოლოდ 2023 წლის მაისში ასეთი თავდასხმები მინიმუმ 17-ჯერ განხორციელდა.

პუტინის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები უკრაინის იერიშებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი „ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით“. თებერვალში უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვისას ბომბები, რაკეტები და მათი ნამსხვრევები რეგულარულად ხვდება სამოქალაქო ობიექტებს. მოსკოვი თითქმის არასდროს აკეთებს კომენტარს მსგავს თავდასხმებზე, იშვიათ შემთხვევებში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის სამოქალაქო ობიექტებს არ უმიზნებდა.

30 მაისს დილით მოსკოვის წინააღმდეგ რამდენიმე დრონით განხორციელდა დარტყმები. სამი მათგანი საცხოვრებელ შენობებს მოხვდა, დანარჩენები კი, როგორც აცხადებენ, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დაესხა თავს ქალაქს, სავარაუდოდ, ჩამოვარდა პუტინის რეზიდენციასთან, ნოვო-ოგარიოვოში.

XS
SM
MD
LG