სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც 19 მაისს თბილისის აეროპორტთან რუსეთიდან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ გზით სურთ აქტივისტებზე ზეწოლა.
"ჩვენ რა შენობასთანაც ვდგავართ, ამას ჰქვია "სასამართლო", მაგრამ ეს არის მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის ქარხანა. აქ სხედან ბიძინას [ივანიშვილის] ზებრა მოსამართლეები და ზუსტად ასე მივმართე მოსამართლეს. აქტივისტებს ფინანსური წნეხით გვაშინებენ, რომ აღარ ვიაქტიუროთ. ეს არ ჭრის", - უთხრა ფერაძემ "ფორმულას".
მან ფეისბუკზე პოსტიც გამოაქვეყნა საკუთარი საბანკო ანგარიშის მითითებით იმისთვის, რომ თანამოაზრეები სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდაში დაეხმარონ.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს გუშინ, 29 მაისს, დემარში გამოუცხადეს. უფრო ადრე, 19 მაისს, მოსკოვიდან წლების შემდეგ გამოფრენილ პირველ თვითმფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქციით დახვდნენ.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.