Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კოსოვოში KFOR-ის სამხედროებმა იმოქმედეს ეთნიკური სერბების დასაშლელად


ჩრდილოეთ კოსოვოში 29 მაისს KFOR-ის სამხედროებმა იმოქმედეს ეთნიკური სერბი დემონსტრანტების დასაშლელად
ჩრდილოეთ კოსოვოში 29 მაისს KFOR-ის სამხედროებმა იმოქმედეს ეთნიკური სერბი დემონსტრანტების დასაშლელად

ჩრდილოეთ კოსოვოში 29 მაისს KFOR-ის (ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალა) სამხედროებმა იმოქმედეს ეთნიკური სერბი დემონსტრანტების დასაშლელად, რადგან მათ უგულებელყვეს მოწოდებები, მოშორებოდნენ ზვეჩანში განთავსებულ მუნიციპალურ შენობებს იმ ფონზე, როცა ძალადობრივი შეტაკებები დაიწყო ადგილობრივ სერბებსა და ეთნიკური ალბანელების მთავრობას შორის.

"თქვენ იწვევთ მღელვარებას. თქვენ საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს და თქვენს თემს. დატოვეთ არეალი და წადით შინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, KFOR-ი იძულებული იქნება, იმოქმედოს", - ამ შინაარსის აუდიომესიჯი ისმოდა ადგილზე, სანამ არეალი კვამლში გაეხვეოდა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტთა ცნობით, ბევრი დემონსტრანტი მიწაზე დაჯდა, როცა KFOR-ის სამხედროები მათ დასაშლელად დაიძრნენ. დაინახეს ცრემლმდენი გაზი, აფეთქდა ხმოვანი ჭურვები, თუმცა ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, რომ მათი ნაწილი დემონსტრანტებმა გაუშვეს. მათ KFOR-ის სამხედროებს ქვები და ბოთლებიც დაუშინეს. ნატოს წარმომადგენელთა თქმით, დაშავდა KFOR-ის ოცამდე სამხედრო.

მანამდე, 29 მაისს, ეთნიკური სერბები შეეცადნენ, დაეკავებინათ ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სადაც გასულ კვირაში ალბანელი მერები პოლიციის დახმარებით შევიდნენ. როგორც თვითმხილველები იტყობინებოდნენ, კოსოვოს პოლიცია და ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი კოსოვოს ძალები იცავდნენ მუნიციპალიტეტის შენობას ზვეჩანში, ერთ-ერთში იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომლებშიც გასულ თვეში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა და რასაც ფართო მასშტაბის ბოიკოტი გამოუცხადეს ეთნიკურმა სერბებმა. მერის პოსტებზე და საბჭოებში არჩეულ იქნენ მხოლოდ ეთნიკური ალბანელები ან სხვა უმცირესობათა წარმომადგენლები.

კოსოვოს ომის (1998-1999 წწ.) დასრულებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ, 2008 წელს სერბეთისგან კოსოვოს ცალმხრივ გამოყოფას კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები სერბები არ აღიარებენ და კვლავ ბელგრადს მიიჩნევენ თავიანთ დედაქალაქად.

კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, სერბები კი მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ უმრავლესობას. კოსოვო აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა. ის არ უცნია ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, ჩინეთი და რუსეთი.

XS
SM
MD
LG