სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ვაშლოვანის ნაკრძალში საზღვრის პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენების საქმეზე. შემთხვევა გუშინ, 28 მაისს, მოხდა, მის შესახებ ფეისბუკში ერთ-ერთმა ტურისტმა დაწერა.
"ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელარუსელი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო და უთხრა - უიი გასაღები არ მქონიაო. შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა, იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით. კარვებს შორის გაიარა ტყვიამ... ხალხო, შოკში ვარ! ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ახლაც კი თვალწინ მაქვს", - ასე იხსენებდა 28 მაისის ღამეს ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას ნანუკა ავალიანი.
სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ ფიროსმანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მესაზღვრეების მიმართ მსგავსი პრეტენზია მანამდე არცერთ ტურისტს გამოუთქვამს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამ მუხლით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.